Opel Ampera Wins 2012 Monte Carlo Rally for Electric and Alternative Propulsion Vehicles
27 მარტი
ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილმა, „ოპელ ამპერამ“ მონტე კარლოს ეკოლოგიური რალი მოიგო, რომელიც ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილებისთვის ტარდება. გარბენში სულ შვიდმა „ამპერამ“ მიიღო მონაწილეობა, მათგან ოთხი კი მოწინავე ათეულში გავიდა.
პირველი ადგილი „ამპერათი“ მოასპარეზე ფრანგების - ბერნარ დარნიშისა და ჟოზეფ ლამბერის ეკიპაჟმა მოიპოვა. მესამეზე შარლოტ ბერტონისა და ოლივიე სუსოს ეკიპაჟი გავიდა. მეშვიდე ადგილი ჟან-კლოდ ანდრუესა და პატრიკ ლიენს ერგოთ, მათ შემდეგ კი ფინიშის ხაზი ვერნერ ვირტმა და დანიელ რიეზენმა დაიკავეს.
„ამ მეტად რთულ რბოლაში „ამპერას“ გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ეს გამძლე და საწვავის ეკონომიურობის კუთხით, მეტად ეფექტური ავტომობილია. ამ გამარჯვებით კი დამტკიცდა, რომ გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებათა შემუშავების საქმეში, მოწინავენი ვართ“, - განაცხადა „ოპელის“ დივიზიონ E-მობაილიტის დირექტორმა ენო ფუქსმა.
გარბენში სულ 130 ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომლებიც დაახლოებით 30 მწარმოებლის მანქანებით ასპარეზობდნენ. მათ შორის იყო „რენოს“ ელექტრომობილი „ზოი“, „ტესლას“ სპორტული ელექტრომობილი „როდსტერი“ (მონტე კარლოს წინა ორი ეკო-გარბენის გამარჯვებული), „პეჟო იონი“ და „მიცუბიში I-MIEV“.
რალი ერთდროულად სამ ქალაქში - საფრანგეთის ანესი-ლე-ვიეში, კლერმონ ფერანსა და შვეიცარიის ლუგანოში დაიწყო. პირველ დღეს რბოლის მონაწილეებმა 550 კილომეტრი გაიარეს, მეორეს დღეს კი დსტანცია განახევრდა. სამაგიეროდ, მარშრუტში მონტე კარლოს კლასიკური რალის მონაკვეთები შედიოდა.
შეგახსენებთ, რომ „ოპელ ამპერა“ არის „შევროლე ვოლტის“ ევროპული ტყუპისცალი. ის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ელექტროძრავი და შიდაწვის ძრავი შედის.პირველი ავტომობილის მოძრაობას უზრუნველყოფს და მისი სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა. მეორეს დანიშნულება კი ენერგიის შევსებაა. მისი სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა და ის გენერატორს ატრიალებს. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა 16 კილოვატსაათია, რაც მხოლოდ 50-80 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. აკუმულატორში მუხტის ამოწურვის შემდეგ კი საქმეში შიდაწვის ძრავის და გენერატორის წყვილი ერთვება, რომელიც ენერგიის მარაგს ავსებს. მისი წყალობით, „ამპერას“ სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.
No comments:
Post a Comment