Wednesday, March 28, 2012

აბობოქრებული „მუსტანგი“ ნიუ იორკში (ვიდეო)

Shelby Powers up 2012 Mustang GT500 to an Insane 950-Horses
28 მარტი
თავის დროზე, როდესაც ბაზარზე „მუსტანგ შელბი GT500“ გამოვიდა, ამ ავტომობილის თაყვანიმსცემლების კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ზღვარი სულაც არ ყოფილა. და ქეროლ შელბის კომპანია „შელბი ამერიკამ“ ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუსთვის ნამდვილი მონსტრები მოამზადა, რომლებიც ძრავის მონაცემებით, თვით „ბუგატი ვეირონსაც“ კი მისცემენ ფორას!
ამ ორიდან ერთია „შელბი 1000“, რომელიც საგზაო სარგებლობისთვის ვარგისია, მეორე კი - „შელბი 1000 S/C“, რომლითაც ტემპერამენტიანი ავტომობილების მართვის ტრფიალნი მხოლოდ სარბოლ ტრეკზე თუ ისიამოვნებენ. პირველის 5.4-ლიტრიანი V8 აგრეგატი 950 ცხენის ძალას ავითარებს, მეორის შემთხვევაში კი იგივე ძრავის სიმძლავრე 1100 ცხენის ძალამდეა აყვანილი.
ეს აგრეგატი ორივემ „მუსტანგ შელბი GT500-გან“ მიიღო, რომლის შემთხვევაშიც, მისი სიმძლავრე 650 ცხენის ძალაა. ძრავს საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდა. შეიცვალა მუხლა ლილვი, ბარბაცები და დგუშები. მექანიკური დამჭირხნი უფრო მძლავრი ანალოგით შეიცვალა. დაიხვეწა გამოსაბოლქვი და გაგრილების სისტემები.
ძრავის გაძლიერებამ მუხრუჭების მოდერნიზაცია მოითხოვა. „შელბის“ სპეციალისტებმა წინ 6-დგუშიანი, უკან კი 4-დგუშიანი სისტემები დააყენეს. შეიცვალა საკიდარიც, რომელსაც ახალი, უფრო ხისტი დრეკადი ელემენტები აქვს. და, რა თქმა უნდა, ავტომობილი დამატებითი აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა.
„შელბი“ აცხადებს, რომ ორივე ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. ამასთან, „შელბი 1000-ის“ პაკეტის სასტარტო ფასი 149 995 დოლარი, „შელბი 1000 S/C-ს“ პაკეტის საბაზო ღირებულება კი 154 995 დოლარი იქნება. ოღონდ, ამ ფასში არ შედის „შელბი GT500-ის“ ფასი, რომლის ბაზაზეც ორივე ავტომობილი მზადდება. ამგვარად, ორივეს ფასი 200 000 დოლარს გასცდება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment