Monday, April 16, 2012

„შევროლე იმპალა“ - ახალი ავტომობილი ძველი სახელით

All-New 2014 Chevrolet Impala Leaps into the New York Auto Show
16 აპრილი
ახალ, მეათე თაობის „შევროლე იმპალას“ ბაზარი უკვე რამდენიმე თვეა, ელოდა. და აი, ნიუ იორკის ავტო შოუზე, მისი დებიუტიც შედგა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „შევროლეს“ სრულგაბარიტიან სედანს საერთო თითქმის არაფერი აქვს მის წინამორბედთან.
ახალი „იმპალა“ (იმპალა ანტილოპას სახეობაა) „ჯენერალ მოტორსის“ პლატფორმა „ეპსილონ II-ის“ დაგრძელებულ ვერსიაზეა ბაზირებული. ამავე პლატფორმას გენერლები „კადილაკ XTS-სთვისაც“ იყენებენ. მისი წინა საკიდარი მაკფერსონის საყრდენებზე დგას, უკანები კი მრავალბერკეტიანია. საჭის მექანიზმს ელექტრონული გამაძლიერებელი და სხვა დამხმარე საშუალებები აქვს. ახალი „იმპალას“ გაბარიტებია: სიგრძე 5115 მილიმეტრი, სიგანე 1854 მილიმეტრი, სიმაღლე 1496 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2837 მილიმეტრი.
ძრავების გამაში ორი ოთხცილინდრიანი და ერთი V6 ძრავი შედის. სამივე ძრავი აღჭურვილია საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემით და დაკავშირებულია 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც მაბრუნი ძალით წინა წამყვან ბორბლებს ამარაგებს.
ოთხცილინდრიანი ძრავებია 2.4-ლიტრიანი, რომელიც 182 ცხენის ძალას და 233 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს ძრავი ასევე აღჭურვილია „მინი ჰიბრიდულ“ სისტემა „eესისტით“, რომლის წყალობითაც, ეკონომიურობა უმჯობესდება. მეორე ძრავი 2.5-ლიტრიანია და ის 195 ცხენის ძალას და 253 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველაზე დიდი ძრავია 3.6-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრე 303 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 358 ნიუტონმეტრია.
გარეგნულად, ახალი „იმპალა“ საერთოდ არ ჰგავს თავის წინამორბედს. კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილით, თავისი დიზაინის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ახალი „იმპალა“ გამოკვეთილი ფორმებით, დაბალპროფილიანი წინა ნაწილით, უკანა ბორბლების თაღებზე კი გამოკვეთილი პროფილი ეტყობა. მკვეთრადაა დაქანებული უკანა საყრდენი, რაც ავტომობილს გარსშემოდენილ მოყვანილობას ანჭებს. დაწვრილებულია რადიატორი და მის კიდეებში მოთავსებული ჭავლური ფარები.
„ჩვენს დიზაინერებს უნდა შეექმნათ ახალი კლასიკა, ოღონდ მასში ნოსტალგიური არაფერი უნდა ყოფილიყო. ეს არის თანამედროვე ავტომობილი, რომელიც დეტალებზე გამახვილებული ყურადღებით, შესრულების დონით და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ყველაფერი ეს გამოყენებული მოწინავე ტექნოლოგიების და მანქანის შესაძლებლობების ვიზუალური გამოხატულებაა“, - ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ ჩრდილოამერიკული შტოს სამგზავრო ავტომობილების ექსტერიერის დიზაინის განყოფილების დირექტორი ჯონ კაფარო.
ინტერიერი „კრუზის“ და „მალიბუს“ სტილშია შესრულებული, რომელიც „წყვილი კოკპიტის“ სახელითაა ცნობილი. ოთხცილინდრიან ვერსიებზე, განსაკუთრებული ყურადღება ხმაურის ჩამხშობ საშუალებებს მიექცა. საჭის რგოლის მოთავსებული 4.2-დუიმიანი საინფორმაციო მონიტორის გარდა, ცენტრალურ კონსოლზე ასევე მდებარეობს ტაჩ-სქრინ მრავალფუნქციური 8-დუიმიანი მონიტორი, რომლის ზევით აწევის შემთხვევაშიც, მცირე ზომის შესანახი სათავსი გამოჩნდება.
გარდა ამისა, ავტომობილი უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემითაა აღჭურვილი. ეკიპირებაში შედის 10 აირბალიში, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, ზოლში მოძრაობის მაკონტროლებელი, უკანა ხედვის კამერა, პარკირების დამხხმარე სისტემა და სხვა.
„შევროლე“ ახალ „იმპალას“ ჰამტრამკის (მიჩიგანი) და ოშავას (ონტარიო) ქარხნებში გამოუშვებს. ის შესრულების სამი დონით იქნება ხელმისაწვდომი და ბაზარზე 2013 წელს გამოვა.

No comments:

Post a Comment