Monday, April 16, 2012

გამარჯვებულების გამარჯვებული შვილები

Formula One father and son winners
16 აპრილი
ჩინეთის დიდ პრიზზე ნიკო როსბერგის გამარჯვება, გარდა იმისა, რომ ეს მისი პირველი მოგებული რბოლაა და „მერსედესმაც“ პირველად მოიგო ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთი რამით იყო განსაკუთრებული. საქმე ისაა, რომ ნიკო ფ1-ის დიდი პრიზების მომგები პილოტების მესამე გამარჯვებული შვილია. გრემ და დეიმონ ჰილების (ბრიტანეთი), ასევე ჟილ და ჟაკ ვილნევების (კანადა) ელიტარულ კლუბს ამიერიდან კეიო და ნიკო როსბერგების (ფინეთი, გერმანია) მამაშვილური დუეტი შეუერთდა.



გრემ ჰილი და დეიმონ ჰილი (ბრიტანეთი)
ეს წყვილი იმითაც გამოირჩევა, რომ მამასაც და შვილსაც ჩემპიონის ტიტულები აქვთ მოპოვებული. მამა ჩემპიონი ორჯერ (1962, BRM და 1968, ლოტუსი) იყო, შვილი კი - ერთხელ (1996, უილიამსი). გრემ ჰილი ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. წლების განმავლობაში, მას მონაკოს მეფეს ეძახდნენ იმის გამო, რომ ამ პატარა ქალაქ-სახელმწიფოს დიდი პრიზი ხუთჯერ ჰქონდა მოგებული. პირველი გამარჯვება 1962 წელს მოიპოვა ჰოლანდიაში (ცანდფოორტი). გრემ ჰილმა მოგვიანებით საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, თუმცა 1975 წელს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა (თვითმფრინავს თავად პილოტირებდა). გრემ ჰილი ერთადერთი მრბოლია, ვისაც ავტოსპორტის სამი გამორჩეული გვირგვინი აქვს მორგებული - არის ფ1-ის ჩემპიონი და მოგებული აქვს ლე მანის 24-საათიანი რბოლა და ინდი 500. დეიმონ ჰილს სულ 22 რბოლა აქვს მოგებული, პირველად კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური უნგრეთში, 1993 წელს დაიკავა. სხვათა შორის, დეიმონის შვილი ჯოშიც ავტომრბოლია.

ჟილ ვილნევი და ჟაკ ვილნევი (კანადა)
ჟილ ვილნევი არასდროს ყოფილა ჩემპიონი, მაგრამ ენცო ფერარი მას უფრო დიდ პატივს სცემდა, ვიდრე თავის ჩემპიონებს. ჟილს მხოლოდ ექვსი რბოლა აქვს მოგებული, თუმცა რბოლის განსაკუთრებული, უშეღავათო სტილით გამოირჩეოდა და ამიტომაც, ტიფოზებს განსაკუთრებულად უყვარდათ. პირველი გამარჯვება მან 1978 წელს, კანადაში მოიპოვა, სიცოცხლე კი ბელგიაში (ცოლდერი), საკვალიფიკაციო რბოლისას მომხდარი უმძიმესი ავარიით დაასრულა. ჟილ ვილნევი 1979 წელს, ვიცე ჩემპიონი გახდა. ჟაკ ვილნევს 11 რბოლა აქვს მოგებული, 1997 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა (უილიამსი). ის იმიტაცაა გამორჩეული, რომ პირველი გამარჯვება დებიუტიდან მეოთხე რბოლაში (ევროპა, ნურბურგრინგი) მოიპოვა. თუმცა, პირველივე რბოლის (ავსტრალია) მოგების რეალური შანსი ჰქონდა - სტარტი პოულიდან აიღო და კარგა ხანს ლიდერობდა, მაგრამ ზეთის გაჟონვის გამო, ტემპი შეანელა და თანაგუნდელ დეიმონ ჰილს გასწრების საშუალება მისცა. საინტერესოა, რომ ლეგენდარულ ინდი 500-ის სადებიუტო რბოლა (1994 წელს) მეორე ადგილზე დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ამ რბოლის გამარჯვებული გახდა.

კეიო (კეკე) როსბერგი (ფინეთი) და ნიკო როსბერგი (გერმანია)
უფროსი როსბერგიც ჩემპიონია. მან ტიტული 1982 წელს მოიპოვა (უილიამსი). არადა, ის სეზონი ერთადერთი გამარჯვებით დაასრულა. ის გამარჯვება (დიჟონი, საფრანგეთი) მის კარიერაში პირველი იყო. კეიომ ფ1-ში სულ ცხრა სეზონი გაატარა (1978-1986 წლებში) და მხოლოდ ხუთი რბოლის მოგება შეძლო. არადა, თავისი დროის ერთ-ერთ უსწრაფეს პილოტად ითვლებოდა. რაც შეეხება ნიკოს, მან პირველი გამარჯვება 111-ე რბოლაში მოიპოვა, თუმცა ყველაფერი წინ აქვს - ალბათ გახსოვთ, რომ ფინელმა მიკა ჰაკინენმა თავისი პირველი გამარჯვება 98-ე რბოლაში მოიპოვა და მერე ორჯერ გახდა ჩემპიონი...

No comments:

Post a Comment