Jaguar Previews All-New F-Type Roadster
4 აპრილი
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, „იაგუარმა“ კონცეპტუალური კუპე C-X16-ით მოგვხიბლა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ინდური „ტატას“ ხელში მყოფი ინგლისური კომპანია ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებას აპირებს. და აი, ნიუ იორკის ავტო შოუზე, დიდმა კატამ ამ ავტომობილის ახლებური ვერსია, საკმაოდ ორიგინალურად გამოწყობილი წარმოადგინა. და რაც მთავარია, გვაუწყა, რომ მის სერიულ ვერსიას ბაზარზე „F-ტაიპის“ სახელით გამოიტანს. რაც შეეხება ამ ნიუსის სათაურს, ისიც „იაგუარს“ ეკუთვნის. ოღონდ, ცნობილ ფრანგულ გამონათქვამში, ქალი „F-ტაიპით“ ჩაანაცვლა.
ნიუ იორკშივე ითქვა, რომ ახალი ავტომობილის გაყიდვები 2013 წელს დაიწყება. თავიდან ის როდსტერის სახით წარსდგება მყიდველის წინაშე, მოგვიანებით კი მას კუპეც დაემატება. „F-ტაიპი“ აუცილებლად ორადგილიანი იქნება და ის კომპანიის გამაში XK-ს ქვედა საფეხურს დაიკავებს. ცნობისათვის, XK-ც კუპესა და მისი ღია ვერსიის, ოღონდ კაბრიოლეტის ძარებით გამოდის.
„შარშან ფრანკფურტში კონცეპტუალური C-X16 წარვადგინეთ, რომელმაც შესანიშნავი გამოხმაურებები მიიღო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სრულიად ახალი სპორტული „იაგუარის“ შემუშავების პროცესი დაგვეჩქარებინა. ამ ახალ ავტომობილს „F-ტაიპი“ ერქმევა და მის სერიულ ვერსიას პარიზის გამოფენაზე წარვადგენთ. როგორც წესი, „იაგუარის“ ავტომობილების მთავარი ღირსება მათი სპორტული გულია და ვეცდებით, რომ „F-ტაიპის“ გულისცემა კიდევ უფრო ძლიერი იყოს“, - ამბობს „იაგუარის“ გლობალური ბრენდის დირექტორი ედრიან ჰოლმარკი.
ბრიტანულ კომპანიას ნიუ იორკში არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა „F-ტაიპზე“ იმ ჰიბრიდული სისტემის გამოყენებას, რომლითაც კონცეპტუალური C-X16 იყო აღჭურვილი. შეგახსენებთ, რომ ამ სისტემაში 380-ცხენისძალიანი 3.0-ლიტრიანი, მექანიკურ დამჭირხნიანი V6 და 95-ცხენისძალიანი ელექტროძრავი შედის. ეს უკანასკნელი 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის სტრუქტურაშია ინტეგრირებული. სავარაუდოდ, „იაგუარი“ ასეთი ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ „F-ტაიპსაც“ გამოუშვებს. პირველი სერიული როდსტერი კი ალბათ V6 ძრავით აღიჭურვება.
ახალი „F-ტაიპი“ „პორშე ბოქსტერსა“ და ღია „პორშე 911-ს“ შორის სეგმენტში დაიკავებს ადგილს.
No comments:
Post a Comment