Wednesday, April 4, 2012

ესეც ახალი „ვაიპერი“ (ვიდეო)

2013 SRT Viper Finally Breaks Cover in New York
4 აპრილი

ჟენევური შოუს შემდეგ, ყველაზე დიდი მოლოდინი ამ ავტომობილს უკავშირდება. შესაძლოა, ფოტო ტიზერების რაოდენობით, მას სხვა ავტომობილები „სჯობდნენ“, მაგრამ ფაქტია, რომ ნიუ იორკის ავტო შოუს მთავარი ვარსკვლავი სწორედ ისაა - თქვენს წინაშეა „SRT ვაიპერი“.

„კრაისლერმა“ მეორე თაობის „ვაიპერის“ წარმოება ორი წლის წინ გააჩერა. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის გამოშვებას აღარ აპირებდა. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ამერიკული კომპანია „ვაიპერს“ ცალკე ბრენდად გაყიდვას უპირებდა. მაგრამ ესეც არ გამართლდა. და მას შემდეგ, რაც „კრაისლერი“ „ფიატთან“ გაერთიანდა, გადაწყდა, რომ „ვაიპერის“ მესამე თაობა გამოსულიყო. ოღონდ, არა „დოჯის“, არამედ SRT-ს ბრენდით.
ახალი „ვაიპერის“ ძარა და შასის ძირითადი ელემენტები ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მაგალითად, კარბონისაა კაპოტი, სახურავი და აეროდინამიკური ელემენტები. ალუმინისაა კარები. რაც მთავარია, ავტომობილმა პროპორციები შეინარჩუნა, თუმცა საერთო ჯამში, მისი დიზაინი უფრო დაიხვეწა. ამერიკული კომპანიის რელიზი გვამცნობს, რომ ახალი „ვაიპერის“ შასი უფრო მტკიცეა და გაცილებით მეტ გრეხვით დატვირთვებს უძლებს, ვიდრე მისი წინამორბედი. ამასთან, წონა 45 კილოგრამითაა შემცირებული. დაკიდევ, მესამე თაობის „ვაიპერის“ აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი არის 0.364.
ახლა კი მთავარის შესახებ. რა ტქმა უნდა, ასეთ ავტომობილზე მთავარი ძრავია. ის წინაა განლაგებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს. აგრეგატმა შეინარჩუნა V10 არქიტექტურა. ის ისევ ატმოსფერულია, მისი მუშა მოცულობა კი 8.4 ლიტრია. ძრავის სიმძლავრე 640 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 812 ნიუტონმეტრს. სხვათა შორის, ეს ატმოსფერულ ძრავებს შორის, ყველაზე მაღალი მაბრუნი მომენტია მთელს მსოფლიოში!
ძრავის ტექნოლოგიურ სიახლეთაგან გამორჩეულია: მსუბუქი კომპოზიტისგან დამზადებული შემშვები კოლექტორი, რომელშიც ჰაერის ნაკადი დიდი სიჩქარით მოძრაობს, ნაჭედი დგუშები, ნატრიუმით დაფარული გამოსაბოლქვი სარქველები, ალუმინის მქნევარა და მცირეწნევიანი კატალიზატორი.
ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი „ტრემეკ TR6060“, რომელიც ეგრეთ წოდებული დამოკლებული საფეხურებით გამოირჩევა. მისი წყალობით, ავტომობილი მაქსიმალური სიჩქარეს მე-6 საფეხურზე, 6200 ბრ/წთ-ზე აღწევს. ამერიკული კომპანია ახალი „ვაიპერის“ დინამიკურ მახასიათებლებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს.
მაგრამ სიმძლავრე და ეს მონაცემები არაფერია მისი კონტროლის გარეშე. შასი, ზემოთაც ითქვა, უფრი გახისტებულია და გრეხვაზე 50 პროცენტით მეტი მედეგობა გააჩნია. წინა საკიდარს აძლიერებს X-კონფიგურაციის მქონე სტრუქტურა, რომლის ბოლოებიც შასის იმ ნაწილებს უკავშირდება, სადაც საკიდარის მერკეტების ბოლოებია დამაგრებული. ამგვარად, მანქანის წინა საკიდარის მზიდი სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული. დაიხვეწა უკანა საკიდარიც, რის სტაბილურობის გაუმჯობესება წარმოადგენს. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა ჩაჭიდების და სტაბილურობის კონტროლის ელექტრონული სისტემები, ოთხარხიანი ABS, „ბრემბოს“ მუხრუჭები 352-მილიმეტრიანი დისკოებით და ალუმინის სუპორტებით, რომლებსაც ოთხ-ოთხი დგუში აქვთ. ახალი „ვაიპერი“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „პირელის“ წარმოების „P ზერო“ მარკის საბურავებითაა შემოსილი. წინა საბურავების ზომებია 295/30, უკანებისა კი - 355/30.
სუპერ ავტომობილი ორ ვერსიად შესრულდება. ერთია სტანდარტული „SRT ვაიპერი“, მეორე კი უფრო ტემპერამენტიანი „SRT ვაიპერ GTS“. გარეგნობით, მათ შორის განსხვავება არაა. GTS ვერსია იმით გამოირჩევა, რომ მისი ინტერიერი მთლიანად ტყავითაა გაწყობილი. სხვათა შორის, „კრაისლერი“ აღიარებს, რომ წინა „ვაიპერები“ ყველაზე მეტ კრიტიკას სალონის აღჭურვის დონით იმსახურებდნენ და ამიტომ, ახალი ავტომობილის შემუშავებისას, ამ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო.
სავარძლები კევლარისა და შუშის ქსოვილის კომპოზიტისგანაა დამზადებული და ისინი წინა „ვაიპერების“ სავარძლებთან შედარებით 20 მილიმეტრით დაბლა განალაგეს. ამასთან, სალონის გასწვრივ სავარძლების 90 მილიმეტრით გადაადგილებაა შესაძლებელი. „კრაისლერის“ ინფორმაციით, ახალ „ვაიპერს“ წინამორბედებზე ფართო სალონი აქვს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment