Saturday, May 26, 2012

შუმახერმა კვალიფიკაცია მოიგო, პოული კი უებერს ერგო


Schumacher hands Monaco pole to Webber
25 მაისი
როსბერგი, შუმახერი, უებერი
უკვე ზედიზედ მეორე რბოლაა, სასტარტო პოულ პოზიციას ის მრბოლი იკავებს, ვინც კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა. ესპანეთში ლუის ჰამილტონმა მოიგო, მაგრამ დააჯარიმეს და წინ პასტორ მალდონადო დადგა, ვინც რბოლაც მოიგო. მონაკოს დიდ პრიზზე კი კვალიფიკაცია მიხაელ შუმახერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ესპანეთიდან „წამოღებული“ მინი-დისკვალიფიკაციის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება. პოული კი მარკ უებერს ერგო...


ფ1-ში სამი წლის წინ დაბრუნებულმა შუმახერმა, ამ სამ სეზონში პირველად შეძლო კვალიფიკაციის მოგება. მაგრამ ესპანურ რბოლაში ბრუნო სენასთან შეჯახევაში დადანაშაულებულს, იქიდან ხუთადგილიანი დისკვალიფიკაცია გამოაყოლეს. არადა, შუმისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 69-ე პოული (2006 წლის ფრანგული დიდი პრიზის პოულის შემდეგ პირველი) უნდა ყოფილიყო.
შუმიმ ძველი დრო გაგვახსენა
მაგრამ შუმახერისთვის ეს კვალიფიკაცია მაინც გამარჯვების ტოლფასია, რადგან ამ სამ სეზონში, 91 დიდი პრიზის მფლობელმა, ერთხელაც ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. არადა, მონაკოში მას ხუთი გამარჯვება აქვს, ზუსტად იმდენი, რამდენიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ გრემ ჰილს და ერთით ნაკლები, ვიდრე ლეგენდარულ აირტონ სენას.

„მინდა ვაღიარო, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. ფ1-ში დაბრუნებულს, ბევრი პრობლემა ჰქონდა, დღეს კი ძველი დრო გამახსენდა“, - განაცხადა „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა, ვინც „ბენეტონსა“ და „ფერარიში“ ტექნიკური დირექტორი იყო, როცა შუმახერმა თავისი შვიდი (შესაბამისად, ორი და ხუთი) ტიტული მოიპოვა.

მასამ გამოიღვიძა
სტარტზე პირველ რიგში, უებერის უკან დადგება შუმახერის მთანაგუნდელი ნიკო როსბერგი, ვისაც კვალიფიკაციაზე მესამე დრო ჰქონდა. მეორე რიგში კი ლუის ჰამილტონი და რომენ გროჟანი დადგებიან. სამაგიეროდ, არ გაუმართლა წინა რბოლის გამარჯვებულ პასტორ მალდონადოს, ვინც ჯერ მეცხრე დრო აჩვენა, მაგრამ სტარტზე მე-19 დადგება, რადგან მესამე პრაქტიკის მიწურულს, მისი მიზეზით ავარია მოუვიდა სერხიო პერესთან. მექსიკელს კვალიფიკაციის პირველივე ნაწილში, კიდევ ერთი ავარია მოუვიდა - საცურაო აუზის კომპლექსთან ზღუდეს შეეჯახა. ამ შემთხვევაში, პერესმა თავად დაუშვა შეცდომა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს იმის გამო მოხდა, რომ წინა ავარიის შემდეგ, საჭის მექანიზმი ჭირვეულობდა.
„ჩემი დრო ტაბლოზე დავინახე და გავიფიქრე, რომ არც ისე ცუდი იყო. ეს შესანიშნავია“, - განაცხადა შუმახერმა, ვინც მონაკოში კვალიფიკაცია 2006 წელსაც მოიგო, მაგრამ მაშინაც დსკვალიფიკაციას გამორჩა. ოღონდ ის შემთხვევა სკანდალური იყო - მაშინ, კვალიფიკაციის მიწურულს, როცა საუკეთესო დრო ჰქონდა, შუმახერმა მოსახვევ ლა რასკასში, შეგნებულად გააჩერა მანქანა და სხვებს (მათ შორის ალონსოსაც, ვისაც პოულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა) ბოლო სწრაფი წრის გავლაში ხელი შეუშალა. ამის გამო, პელოტონის ბოლოში გაამწესეს, ტრიბუნიდან კი უსტვინეს...
პერესი ავარიის შემდეგ
უებერმა, ვისაც მონაკოს რბოლა ორი წლის წინ აქვს მოგებული, აღიარა, რომ მას პოული არ მოუგია და ეს შუმის დღე იყო. თუმცა, თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა: „სასიამოვნოა, რომ ერთი პოზიციით წინ წავიწიე, რადგან ეს საუკეთესო სასტარტო პოზიციაა მოსაგებად“. მონაკოს ვიწრო ქუჩებში გასწრება კერსით და რეგულირებადი ფრთითაც კი, ძალიან ძნელია და ამიტომ, პოულიდან რბოლის დამწყებს, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ეძლევა. მოკლედ, ავსტრალიელს, ვისაც შუმახერის მსგავსად, ამ სეზონში კვარცხლბეკზე არ შეუბიჯებია, დიდი შანსი აქვს, ამ სეზონის მეექვსე გამარჯვებული გახდეს.
მონაკოს რბოლის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მეათე შედეგს დასჯერდა - მას კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში დრო არც დაუფიქსირებია.  მხოლოდ მე-13 დრო ჰქონდა ჯენსონ ბატონს (მონაკოში 2009 წელს მოიგო, სეზონში, რომელიც ტიტულით დაასრულა). სამაგიეროდ, ფელიპე მასამ თავი შეგვახსენა - მე-7 დრო და მე-6 სასტარტო პოზიცია ის შედეგია, რისთვისაც „ფერარიდან“ გაგდება არ ემუქრება.

მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                  1:14.301
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:14.381
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:14.448
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:14.583
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:14.639
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:14.948
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:15.049
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:15.199
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:15.245
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           
- - - - - - - - - -

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:15.421
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:15.508
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:15.536
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:15.709
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:15.718
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:15.878
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:16.885
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:16.538
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:17.404
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:17.947
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:18.096
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:18.476
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)              1:19.310
24. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)             

სასტარტო რიგი
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
19. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)
24. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)

No comments:

Post a Comment