Sunday, May 13, 2012

ხანძარი „უილიამსის“ ბოქსში (ვიდეო)


Major fire breaks out in Williams garage after Spanish Grand Prix
13 მაისი
„უილიამსს“ პასტორ მალდონადოს გამარჯვების რიგიანად აღნიშვნა არ დასცალდა - გუნდს ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდა, როცა მის ბოქსში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი უმალ მოედო ბოქსს და მეზობელი ბოქსების პერსონალი რომ არა, ვინ იცის, ეს რით დასრულდებოდა.
გუნდს წევრებმა თავი ბოქსის წინ მოიყარეს, რათა თავიანთი მრბოლის გამარჯვების აღსანიშნავად, კოლექტიური ფოტო გადაეღოთ. ფოტოსესია ახალი დაწყებული იყო, როცა ბოქსში კვამლი გამოჩნდა. „უილიამსის“ პერსონალმა უმალ იქაურობას მოაშორა სერ ფრენკ უილიამსი, თავად კი ხანძრის ჩაქრობას შეუდგა. მეზობელი ბოქსებიდან, „ფორს ინდიას“ და „კატერჰემის“, ასევე სხვა გუნდების წევრებმაც მალევე მოირბინეს და ხანძარი დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩააქრეს.
ბედად, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტრასის მედცენტრში სულ 31 პიროვნებას (მეტწილად გუნდების პერსნალის წევრები) გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რომელთაგან შვიდი, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით და ბოლით მოწამვლით, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„უილიამსის“ განცხადებით, ხანძარი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც გუნდს საწვავი ჰქონდა შენახული. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთ მანქანაზე, კერს-ის ელემენტების ბლოკი აფეთქდა. გუნდის სპეციალისტები, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, ხანძრის მიზეზის დასადგენად მუშაობენ. „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მისი სამი წევრია ჰოსპიტალიზებული.

ხანძრის მომენტში, მალდონადო ბოქსთან მდგარა და როგორც კი ბოლი შეუნიშნავს, თავისი 12 წლის ბიძაშვილი ზურგზე შემოისვა და ხიფათს მოაშორა. ეს მომენტი ვიღაცამ ტელეფონით გადაიღო. ხანძრის გაჩენის მომენტში, „უილიამსის“ ბოქსში მხოლოდ ბრუნო სენას ბოლიდი იდგა. გამარჯვებულის მანქანა ამ დროს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდა, რათა სტიუარდებს მისთვის სავალდებულო ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდნრე სეზონში, ბოქსებში მომხდარი მეორე ხანძარია. პირველი მალაიზიის დიდი პრიზის დროს მოხდა. მაშინ ცეცხლი „ლოტუსის“ სტუმრების მისაღებ ადგილას გაჩნდა.

ვიდეო


No comments:

Post a Comment