Sunday, May 13, 2012

„არინერა“ - სუპერ ავტომობილის მწარმოებელი პოლონეთიდან


Poland's Arrinera supercar hits the road with 650 HP, $160K list price
13 მაისი
სუპერ ავტომობილებს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში აწარმოებენ. ამ მხრივ, ლიდერები იტალია, ბრიტანეთი და გერმანია არიან. ამ სეგმენტში პერიოდულად ფრანგულ, ამერიკულსა და იაპონურ კომპანიებსაც შეხვდებით. პოლონეთს კი... პოლონეთს მათ სიაში რა ესაქმებაო, იკითხავთ... ჯერ არაფერი, მაგრამ მალე ეს ქვეყანაც ელიტარულ კლუბში გაწევრიანდება. ამაში კი მას პატარა კომპანია „არინერა ავტომოტივი“ დაეხმარება.

შარშან ინტერნეტში ამ კომპანიის პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სუპერ ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. მაშინ ალბათ ბევრს არ ეჯერა, რომ ამ პროექტს მომავალი ჰქონდა. მაგრამ გავიდა დრო და „არინერა“ კვლავ გამოჩნდა თვალსაწიერზე. მართალია, პოლონურ კომპანიას თავისი სუპერ ავტომობილისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევია, მაგრამ სამაგიეროდ, მის შესახებ ტექნიკური მონაცემები, ფოტოები და ფასიც კი გამოაქვეყნა.
ავტომობილი 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 820 ნიუტონმეტრი იქნება. ძრავს კომპანია „გრაცანოს“ წარმოების გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.2 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს მიაღწევს.
პოლონური აუპერ ავტომობილის საკიდარის შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა ლი ნოუბლმა მიიღო, ცნობილმა ინჟინერმა, ვინც ისეთ ცნობილპროექტებს უძღვებოდა, როგორებიცაა „ალტიმა“, „ასკარი“, „როსიონი“, „ფენიქსი“ და „ნოუბლი“. ავტომობილის დამუხრუჭებას წინ 380, უკან კი 350 მილიმეტრი დიამეტრის მქონე დისკოები უზრუნველყოფს.
ავტომობილის მზიდი სისტემა, მტკიცე ფოლადის მილებისგან შეკრული სივრცული ჩარჩოა, ძარა კი კარბონის ბოჭკოთი არმირებული კომპოზიტისგანაა დამზადებული. მსუბუქი მასალების უხვად გამოყენების წყალობით, წონა 1300 კილოგრამია. ანუ, ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ ორი კილოგრამი.
პოლონური კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, რომ სუპერ ავტომობილის წარმოება წლის ბოლოს დაიწყება. მისი საბაზო ფასი კი 160 000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment