Sunday, May 13, 2012

მალდონადოოოოოოოოოოოო


Maldonado wins Spanish thriller for Williams
13 მაისი
ყოველთვის ვამბობ, ფორმულა ერთში პროგნოზები ძნელი გასაკეთებელია. ამ სეზონში კი... ნუ გაგიკვირდებათ, თუ სეზონის ბოლოს, გამარჯვებულთა სიაში 10-ზე მეტ მრბოლს აღმოაჩენთ. იმიტომ, რომ დღეს პასტორ მალდონადომ დაამტკიცა - ამ სეზონში გამარჯვება იმ გუნდებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სეზონის დასაწყისში აუტსაიდერობას არა, მაგრამ სტატისტობას კი უწინასწარმეტყველებდნენ...

ხუთი რბოლა, ხუთი სხვადასხვა გამარჯვებული მრბოლი და ხუთი სხვადასხვა გამარჯვებული გუნდი... მხოლოდ გამარჯვებული პილოტების ქვეყნების რიცხვია ოთხი. და არანაირი გარანტია არაა იმისა, რომ ასევე არ გაგრძელდება. მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონია. „ზაუბერის“ და მისი ძალიან ნიჭიერი პილოტების აღზევება გვიკვირდა და დღეს პელოტონის მეორე ნახევრიდან მოგვევლინა გამარჯვებული. „უილიამსისთვის“, უფრო სწორედ კი ამ ტიტულოვანი გუნდისთვის, პელოტონის მეორე ნახევარი შეუფერებელი ადგილი კია, მაგრამ ფაქტია, რომ ბარსელონაში გამარჯვების შემდეგაც კი, ეს გუნდი კონსტრუქტორთა თასის კლასიფიკაციის შუაშია.
მალდონადო ჩემპიონების მხრებზე
გაუმართლა მალდონადოს? რა თქმა უნდა - ფორმულა 1-ში გამარჯვება გამართლების თუნდაც მცირე დოზის გარეშე შეუძლებელია. ვენესუელელ მრბოლს ძალიან გაუმართლა, როდესაც ესპანეთის დიდი პრიზის პოულზე აღმოჩნდა. მაგრამ იღბლის ეს საჩუქარი აბსოლუტურად დამისახურა - პოულისთვის ბრძოლა მხოლოდ ბოლო წამებზე დათმო ლუის ჰამილტონთან და მერე, როცა ბრიტანელი სამართლიანად დასაჯეს, პოულიც პასტორის ხელში გადავიდა...
სტარტზე ფერნანდო ალონსოს იერიში ვერ მოიგერია და ლიდერობაც ესპანელს დაუთმო, მაგრამ შორს არ გაუშვია. მერე კი, სწორი ტაქტიკა გამოიყენა და სტარტზე დაკარგული პოზიცია დაიბრუნა. ეს მეორე პიტსტოპის შემდეგ მოხდა, რომელიც მალდონადომ ალონსოზე გვიან შეასრულა. მერე კი, ყველასთვის მიუწვდომელი დარჩა. ალონსომ რამდენჯერმე სცადა ისევ გასწრება, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. ბოლოს კი რეზინი მოსპო და თავისი მეორე პოზიციაც ძლივს შეინარჩუნა - ბოლოს მოსახვევში მას კუდზე კიმი რაიკონენი დააჯდა, მაგრამ ფინელს აშკარად რამდენიმე მოსახვევი არ ეყო.
ალონსომ ვერ მოიგო, მაგრამ მეორე ადგილიტაც კლაყოფილი დარჩა. ასეთი რამ მისთვის უცხოა, მაგრამ ამჯერად ამის საფუძველი ჰქონდა - „ფერარიმ“ აშკარად დაძლია კრიზისი და ლიდერთა კოჰორტას დაუბრუნდა. სამაგიეროდ, თავისი მესამე ადგილით უკმაყოფილო დარჩა რაიკონენი, ვისაც არამარტო ალონსოს, მალდონადოს გასწრებაც შეეძლო. ოღონდ, ესპანელისთვის რამდენიმე მოსახვევი, ვენესუელელისთვის კი რამდენიმე წრე არ ეყო. უფრო კონკრეტულად კი, თავისი ბოლო პიტსტოპი ორი წრით ადრე რომ შეესრულებინა... მთავარი ისაა, რომ რაიკონენი სტაბილურად აგროვებს ქულებს, რომლებსაც სეზონის ბოლოს შეიძლება ოქროს ფასი დაედოს.
„ლოტუსი“ ისევ მოწინავეთა შორის ყველაზე სტაბილურია - თუ ბაჰრეინში მისმა პილოტებმა კვარცხლბეკის ორი საფეხური (არა პირველი) დაიკავეს, ამჯერად მესამე და მეოთხე ადგილებს დასჯერდნენ. მოკლედ, მოწინავე შვიდეულში მხოლოდ ამ გუნდს ჰყავს ორი პილოტი.

და ისევ მალდონადოს და „უილიამსს“ დავუბრუნდეთ. როგორც იქნა, ფორმულა ერთის მესამე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნდა. მალდონადომდე, მისი მანქანით ბოლო გამარჯვება კოლუმბიელ (რა დამთხვევაა - ორივე არაბრაზილიელი სამხრეთამერიკელია) ხუან პაბლო მონტოიას 2004 წელს, ბრაზილიაში აქვს მოპოვებული. მას შემდეგ, „უილიამსმა“ რვა სეზონში 132 დიდ პრიზზე მოუგებლად იასპარეზა. ინგლისური გუნდისთვის ეს 114-ე გამარჯვებაა ფ1-ში, სადაც კონსტრუქტორთა 9 თასი და 7 პირადი ტიტული აქვს მოპოვებული. „უილიამსის“ მანქანით ბოლოს ჩემპიონი ჟაკ ვილნევი გახდა (1997 წელს).
სხვათა შორის, სერ ფრენკ უილიამსს 16 აპრილს 70 წელი შეუსრულდა. მილოცვები კი მოგვიანებით პადოკში, ესპანური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ მიიღო. ულოცავდა ყველა - მეტოქეები, ბერნი ეკლსტოუნი, ყოფილი თანაგუნდელები. ყველაზე სასურველი საჩუქარი კი მალდონადოს პოულის სახით მიიღო.
სენას დამწვარი მანქანა

PS
სამწუხაროდ, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი ჩაუშხამდა - იმ დროს, როდესაც გუნდის პერსონალი თავის ეკიპირებას ტრეილერებზე ტვირთავდა, მოულოდნელად ბოქსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კიდევ კარგი, დროული რეაგირება მოახდინა მეზობელი გუნდბის პერსონალმა. ასე განსაჯეთ, „მარუსიას“ შეფ გრემ ლოუდონს თავად გამოუყენებია ორი ცეცხლმქრობი. „უილიამსი“ მსხვერპლს გადაურჩა. მისმა რამდენიმე წევრმა დამწვრობა მიიღო და ზოგიც კვამლმა მოწამლა. განადგურდა ინვენტარი.. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი კერს-ის აკუმულატორის აფეთქებამ გამოიწვია...

ესპანეთის დიდი პრიზი
ბარსელონა, მონტმელო. დისტანცია 307.104 კმ (66 წრე, 4.655 კმ)
1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:39:09.145
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:03.195   
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:03.884    
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:14.799    
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          01:04.641    
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               01:07.576    
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     01:17.919     
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            01:18.140    
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 01:25.246    
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1 წრე
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1 წრე
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1 წრე
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1 წრე
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1 წრე
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            2 წრე
19. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 3 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            29 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                            31 წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                 44 წრე
გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          54 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 54 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: რომენ გროჟანი - 1:26.250, 53-ე წრე



მრბოლთა კლასიფიკაცია  

1. სებასტიან ფეტელი - 61 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 61; 3. ლუის ჰამილტონი - 53; 4. კიმი რაიკონენი - 49; 5. მარკ უებერი - 48; 6. ჯენსონ ბატონი - 45; 7. ნიკო როსბერგი - 41; 8. რომენ გროჟანი - 35; 9. პასტორ მალდონადო - 29; 10. სერხიო პერესი - 22; 11. კამუი კობაიაში - 19; 12. პოლ დი რესტა - 15; 13. ბრუნო სენა - 14; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 3; 16. დანიელ რიკიარდო - 2; 17. ფელიპე მასა - 2; 18. მიხაელ შუმახერი - 2      

           
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 109 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 98; 3. ლოტუს-რენო - 84; 4. ფერარი - 63; 5-6. მერსედესი - 43; 5-6. უილიამს-რენო - 43; 7. ზაუბერ-ფერარი - 41; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 9. ტორო როსო-ფერარი - 6

No comments:

Post a Comment