Saturday, May 5, 2012

რაიკონენი უკვე გამარჯვებაზე ფიქრობს


Raikkonen sets sights on victory after strong start to the season for Lotus
5 მაისი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ამიერიდან მისი ერთადერთი მიზანი, რბოლებში გამარჯვება იქნება. ამის თქმის საფუძველს, მას „ლოტუსის“ ბოლიდის შესაძლებლობანი აძლევს. ბაჰრეინის დიდ პრიზზე, მან სერიოზული კონკურენცია გაუწია სებასტიან ფეტელს და თუ ვერ მოუგო, მხოლოდ იმიტომ, რომ საბურავები გადაუხურდა. დღეს კი აისმენი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შეძლოს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავება.

„სადაც ვიყავით, მანქანა ყველგან კარგად მუშაობდა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო. ეს ჩემი და გუნდის მიზანია. ჩვენ დიდი პრიზების მოგება გვსურს. კარგი მანქანა გვაქვს და ბაჰრეინში დავინახეთ, რომ მას გამარჯვება შეუძლია. მოკლედ, მიზანია“, - ამბობს რაიკონენი.
გამოცდილმა ფინელმა კარგად იცის, რამდენად მჭიდრო ბრძოლაა მოწინავეთა შორის და რომ მიზნის მიღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ ბაჰრეინში დაკავებული მეორე და მესამე ადგილები ბევრის მთქმელია. რაიკონენიც სწორედ ასე ფიქრობს:
„ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. ისიც ფაქტია, რომ კარგი მანქანა გვაქვს. ასე რომ კვარცხლბეკზე ასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს. ეს პირველ სამ რბოლაშიც შეგვეძლო, მაგრამ შეცდომები დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა. რა ტქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მომეგო, მაგრამ მეორე ადგილიც კარგი შედეგია და გუნდმა ის დაიმსახურა. იმედია, ამიერიდან ხშირად გვიხილავთ კვარცხლბეკზე“.
რაიკონენი დასძენს, რომ ბარსელონაში „ლოტუსი“ კონკურენტუნარიანი იქნება. რა თქმა უნდა, მოწინავეთა შორის მჭიდრო ბრძოლებსაც მოელის. მონტმელო ერთადერთი ტრასაა კალენდარში, რომელზეც ფ1-ის გუნდები ტესტებს ატარებენ და იქ დიდი მნიშვნელობა, მანქანების მომართვას ექნება. ამასთან, პირველი ევროპული ეტაპისთვის, ყველა გუნდს სიახლეები ექნება, რაც მათ შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. ეს კი ბარსელონას რბოლისადმი ინტერესს გააორმაგებს.
სხვათა შორის, რაიკონენმა მუჯელოს ტესტები გააცდინა, თუმცა ის თვლის, რომ ეს მის შესაძლებლობებზე ვერ იმოქმედებს. ტესტების გაცდენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „ლოტუსს“ განსაკუთრებული სიახლეები არ მოუმზადებია. იქ ვარჯიშის არანაირი საჭიროება არ მქონდაო - ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment