Saturday, May 5, 2012

„ფორდი“ ჩინეთში 4.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს


Ford to Invest $4.9 Billion to Revamp its Chinese Operations
5 მაისი
ორი წლის წინ, „ფორდი“ იმ კრიზისს გადაურჩა, რომლის გამოც, „ჯენერალ მოტორსმა“ და „კრაისლერმა“ ცოტა ხანი მართვადი გაკოტრების რეჟიმში იმუშავეს. დღეს ის სიდიდით მეორე ამერიკული კომპანიაა, მსოფლიოში კი მეხუთე უდიდესია „ჰიუნდაის“ შემდეგ. მსოფლიოს ბაზარზე კი მხოლოდ 2 პროცენტი უკავია.
შარშან რომ ტაილანდში წყალდიდობა მოხდა, ამით „ფორდის“ მთელი წლის აზიური ბიზნესი 92 მილიონი დოლარით დაზარალდა. წელს კი ამერიკულმა კომპანიამ იმავე ბაზარზე უკვე 95 მილიონი დოლარით იზარალა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მსოფლიოს უდიდეს, ჩინურ ბაზარზე, მისი გაყიდვები 14 პროცენტით დაეცა. ეს იმ დროს, როდესაც იქვე „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ გაყიდვებს სულ უფრო ზრდიან.
ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება და დირბორნელებსაც გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ. ამ გეგმის შესაბამისად, ამერიკული კომპანია ჩინურ ბაზარზე 4.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც 8 ახალ ქარხანას ააშენებს და მათში 15 ახალ მოდელს გამოუშვებს.
ჰონ კონგში ბაზირებულ კვლევით კომპანია „დიუნ ენდ კომპანის“ პრეზიდენტ მაიკლ დიუნის თქმით, ახალი მოდელების შემუშავებისას, „ფორდისთვის“ მეტად მნიშვნელოვანი იქნება, თუ სპეციალურად ჩინელი მყიდველის გემოვნების შესაბამისად შეიმუშავებს ავტომობილებს, როგორც ეს „ჯენერალ მოტორსმა“ „ბიუიკის“ და „შევროლეს“ შემთხვევაში შეძლო. სხვათა შორის, ჩინეთში „შევროლეს“ მარკით, 5-ჯერ მეტი ავტომობილი იყიდება, ვიდრე „ფორდის“ მარკით.
„ფორდის“ აზიური ოპერაციების შეფი ჯოი ჰინრიხსი ამბობს, რომ მისი კომპანია ჩინური ბაზრის ორ მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ, ლუქსის და უგზოობის სეგმენტში არაა წარმოდგენილი და მეტწილად „ფოკუსის“ ოჯახის ავტომობილებს ჰყიდის. ისვე დასძენს, რომ ჩინეთში ესოდენ დიდი ინვესტიციების შემდეგ, გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა კომპანიამ მოგების მიღება დაიწყოს. ის იმედოვნებს, რომ საშუალოდ კვირაში ორი ახალი შოურუმის გახსნას შეძლებს, რასაც უზარმაზარი სახსრები დასჭირდება. გაყიდვების გაზრდას კი დრო დასჭირდება.
მართალია, პრემიუმ სეგმენტში გააქტიურება იგეგმება, მაგრამ „ლინკოლნის“ ავტომობილებს ჩინეთში ჯერ არ შეიტანენ. ამის მიზეზი ისაა, რომ „ლინკოლნი“ ამერიკაშიც კარგავს პოპულარობას და იქ მისი მყიდველების საშუალო ასაკი 65 წელია. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდბა და საბოლოოდ, ცისქვეშეთში „კადილაკისთვის“ კონკურენციის გასაწევად, ცისფერი ოვალი სწორედ ბრენდ „ლინკოლნს“ გამოიყენებს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ის ამერიკის ბაზარზე გაიმართება წელში და მერე გლობალური ბრენდი გახდება.
საინტერესოა ისიც, რომ „ფორდი“ ჩინეთის უდიდეს ქალაქებში (სადაც მისი კონკურენტები ბატონობენ) ექსპანსიაზე მეტად, ქვეყნის პატარა ქალაქებში გააქტიურებას აპირებს. ჩინეთში 600-ზე მეტი ისეთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ნახევარ მილიონს სჭარბობს. ასეთ ქალაქებში ავტობაზრის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ცისფერი ოვალიც სწორედ ამ პოტენციალის გამოყენებას აპირებს.

No comments:

Post a Comment