Saturday, May 5, 2012

„ტოიოტა სუპრა“ - კიდევ ერთხელ მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ


Toyota Once Again Rumored to be Mulling a Replacement for the Supra
5 მაისი
ცრუ მეცხვარის ამბავი ხომ გახსოვთ? დაახლოებით იგივე ისტორიაა „ტოიოტა სუპრას“ შემცვლელთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილს მგლები შეჭმას არ უპირებენ. მაგრამ ამ ავტომობილის შესაძლო გამოშვებაზე ბოლო წლებში იმდენმა ცრუ ინფორმაციამ დაუარა ავტოსამყაროს, რომ შესაძლოა, მორიგი ინფორმაცია აღარც არავინ დაიჯეროს.
მაგრამ დაახლოებით იგივე ისტორია გამოიარა „ჰონდას“ NSX-ის შემცვლელმა, რომლის წარმოებაზეც ინფორმაცია პერიოსულად ჩნდებოდა, მაგრამ ყოველთვის ინფორმაციადვე რჩებოდა. თუმცა, დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე, იაპონურმა კომპანიამ, ბოლოსდაბოლოს, სერიული წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილი წარადგინა, რომლითაც სწორედ NSX-ს ცვლის. როგორც ჩანს, იგივე ისტორია „სუპრასთან“ დაკავშირებითაც განმეორდება.

არცთუ დიდი ხნის წინ, „ტოიოტამ“ ახალი გენერალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ემოციური სტილის, კარგი მახასიათებლების მქონე ავტომობილების შექმნას ითვალისწინებს. და თუნდაც ესაა იმის საბაბი, რომ „სუპრას“ შემცვლელის წარმოების შესაძლებლობა ამჯერად რეალობად მივიღოთ.
ბოლო კონცეპტუალური ავტომობილი, რომლითაც „ტოიოტამ“ თავისი პოპულარული სპორტქარი გაგვახსენა, FT-HS (ზედა ფოტოზე) იყო, რომელიც 2007 წელს გვიჩვენა. ეს ორადგილიანი ავტომობილი 400-ცხენისძალიანი ჰიბრიდული დანადგარით იყო აღჭურვილი. ამ დანადგარში ბენზინის 3.5-ლიტრიანი V6 და ელექტროძრავი შედიოდა.
ახლახანს, ბრიტანულმა ავტორიტეტულმა (ეს სიტყვა იმიტომ ვახსენეთ, რომ მის ფურცლებზე სანდო ინფორმაცია გადის ხოლმე) გამოცემა „ქარ მეგზინმა“, ინკოგნიტო წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობოთ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, „ტოიოტა“ უკვე მუშაობს „სუპრას“ შემცვლელზე. კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, ოღონდ ოკეანის გაღმიდან - „მოტორ ტრენდმა“, ეს ცნობა დაადასტურა. ოღონდ, მის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს FT-HS-სგან ბევრი რამ განასხვავებს.
კერძოდ, ის სრულიად სხვა კონცეპტუალური ავტომობილის - „GRMN სპორტს ჰაიბრიდ II-ის“ (ქვედა ფოტოზე) პლატფორმაზე აიგება და ძალურ დანადგარებსაც მისგანვე მიიღებს. გარეგნული სტილი კი FT-HS-ს მსგავსი ექნება. ცოტა უცნაური კია, რადგან „GRMN სპორტს ჰაიბრიდ II“ „ტოიოტას“ ბოლო თაობის MR2-ის ბაზაზეა შექმნილი. ანუ, მისი პლატფორმა მეტისმეტად მოძველებულია. რაც შეეხება მის ძალურ აღჭურვილობას, ესეც ჰიბრიდული სისტემაა, რომელშიც 3.5-ლიტრიანი V6 (249 ცხენის ძალით) და ერთი ელექტროძრავი შედის, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს. მისი ჯამური სიმძლავრე 299 ცხენის ძალაა.
თუმცა, იმავე პუბლიკაციაში „მოტორ ტრენდი“ გვამცნობს, რომ „სუპრას“ შემცვლელის ასევე ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს და მასში V6 შიდაწვის ძრავი გაერთიანდება, რომელიც უკანა ბორბლებს დაატრიალებს, ორი ელექტროძრავი კი უშუალოდ წინა ბორბლებში მოთავსდება და მათვე დაატრიალებს.
იმავე სტატიაში ნათქვამია, რომ თუ პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ახალი კუპე ბაზარზე 2015 წელს გამოვა. მისი ფასი კი 60 000 დოლარზე ნაკლები იქნება.

No comments:

Post a Comment