Friday, June 1, 2012

რაიკონენის დროც მოვა


Raikkonen sure his time will come
1 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ მონაკოში თავის შესაძლებლობების გამოყენება ვერ შეძლო, კიმი რაიკონენი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მისი დროც მოვა. მონაკოს ქუჩებში ფინელმა მრბოლმა ფინიშს მეცხრემ უწია, რაც ზედიზედ ორჯერ კვარცხლბეკზე ფინიშის შემდეგ, აშკარა ჩავარდნაა. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ამბობს, რომ მონაკოში ნაჩვენები ცუდი შედეგი სულაც არ ნიშნავს, რომ „ლოტუსმა“ შემართება დაკარგა და დარწმუნებულია, რომ კარგი შედეგების დრო ისევ დადგება. ოღონდ, ამისათვის აუცილებელია, რომ გუნდმა ყველაფერი კარგად გათვალოს და შეცდომები გამორიცხოს და გამარჯვებაც მოვა:

„ერთი უხეირო რბოლა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა ტიპის ტრასაზე ძლიერები ვართ. მონაკოშიც კი ასე იყო რბოლამდე. მონაკო ნებისმიერი სხვა ტრასისგან სრულიად განსხვავდება და არ მგონია, იმის გამო ბევრი უნდა ვიდარდოთ, რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო რბოლა. ყველგან სწრაფები ვართ და კვარცხლბეკზეც ვიყავით. და როცა შესაბამის მომენტში, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, გამარჯვებასაც შევძლებთ. სწორედ ასე იგებენ დიდ პრიზებს. სხვა გუნდებთან ერთად მომიგია და ვგრძნობ, რომ გამარჯვება „ლოტუსსაც“ შეუძლია. ჩვენი დროც მოვა“.
რაიკონენი დასძენს, თუნდაც ის ფაქტი, რომ ისეთ ძნელ რბოლაშიც კი, როგორიც მონაკოში ჰქონდა, ქულების აღება „ლოტუსის“ ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს: „ეს რბოლაა. მეცხრე ადგილი იყო მაქსიმუმი, რაც იმ დღეს შეგვეძლო. სტარტი კარგი პოზიციიდან არ ამიღია და რბოლის დროსაც გარკვეული სირთულეები მქონდა. ასე რომ, ძნელი რბოლა იყო. ქულები მაინც ავიღეთ. ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი, თუმცა არა ის, რაც გვინდოდა. ეს სამყაროს დასასრული არაა. სეზონის ბოლოს ამ ქულებს მნიშვნელობა ექნება“.
ფინელ მრბოლს სჯერა, რომ კანადაში მანქანა გაცილებით უკეთესად იმუშავებს, თუმცა თვლის, რომ პროგნოზები ნაადრევია. მონაკოს დიდი პრიზის პირველი პრაქტიკა მას სრულად გაუცდა, რადგან საჭის ახალმა მექანიზმმა ვერ იმუშავა. ძველით კი კმაყოფილი დარჩა და რბოლაშიც ამით იასპარეზა. საერთო ჯამში, მანქანის საბაზო მოდიფიკაციით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ ტესტების შეზღუდვის მიუხედავად, საჭის გაუმჯობესება შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment