19 ივნისი
რა არის თქვენთვის რედ ბული? სასმელი, რომელიც
ენერგიას გმატებთ და „გაფრთიანებთ“? ფორმულა 1-ის ჩემპიონი გუნდი, რომელმაც გრანდებს
შორის დაიმკვიდრა ადგილი? თუ უბრალოდ ბრენდი, რომლის ლოგოზეც, ერთმანეთთან რქებით
დასაჯახებლად მომართული წითელი ხარებია გამოსახული?
ერთიც, მეორეც, მესამეც და... ეს არის ბრენდი,
რომელიც თავისი პროდუქციის ერთგული მომხმარებლის გართობასა და სიამოვნებაზეც ზრუნავს,
რითაც მათგან პასუხად ლოიალობას ღებულობს. არის კიდევ ბევრი რამ, რასთანაც „რედ
ბული“ მჭიდროდაა დაკავშირებული, თუმცა ამჯერად მხოლოდ სამზე - ფორმულა ერთზე,
გართობაზე და ლოგოზე (ბრენდზე, კომპანიაზე) ვისაუბროთ, რომელმაც სწორედ მასზე
გამოსახული ხარებივით დაიმკვიდრა ადგილი მზისქვეშეთში.
გარწმუნებთ, ლოგოდან ერთი ხარი რომ ამოიღოთ და მის
ადგილზე „რედ ბულის“ დამაარსებელი, ავსტრიელი მილიარდერი დიტრიხ მატეშიცი ჩასვათ,
ვიზუალურ ცვლილებას კი მიიღებთ, მაგრამ შინაარსობრივად ბევრი არაფერი შეიცვლება -
რამდენიმე წლის წინათ, მან ფ1-ის გუნდი „იაგუარი“ შეისყიდა... მაშინ ბევრმა ეს
მორიგი მილიარდერის მორიგ გართობად აღიქვა. აბა, სად სასმელების მწარმოებელი და
სად ავტოინდუსტრიის მწვერვალები? მაგრამ ეს დამოკიდებულება მაშინვე შეიცვალა,
როგორც კი გუნდში „მაკლარენიდან“ ედრიან ნიუი, ფორმულა ერთის აეროდინამიკის და
ტექნიკის გურუ გადაიბირეს. იმ მომენტიდან, მატეშიცი და მისი კომპანია, თავისი
ფ1-ის საჯინიბოთი, ჭეშმარიტ წითელ ხარებად აღიქმებიან... და რაც მთავარია, ისინი
ამ თიკუნს სრულად ამართლებენ, რის დასტურადაც სებასტიან ფეტელის მსოფლიო ჩემპიონის
ორი ტიტული და კონსტრუქტორთა ორი თასიც გამოდგება!
ამ გამარჯვებების საფუძვლის ჩაყრა კი გუნდში დევიდ
კულტჰარდის მიწვევით დაიწყო - „რედ ბულს“ მისი გამოცდილება სჭირდებოდა და შოტლანდიელმაც
ეს მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. ოთხი სეზონის შემდეგ კი ადგილი მომავალ
ჩემპიონ ფეტელს დაუთმო, რომელმაც „რედ ბულის“ შვილობილი „ტორო როსოს“ (ყოფილი
მინარდის) მანქანით, წინა სეზონში სენსაციური გამარჯვება მონცას ტრასაზე მოიპოვა.
***
ამხელა შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ „რედ
ბულის“ და მისი ფ1-ის გუნდის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეგქმნოდათ. და თქვენთვის
ის არსენალი გაგვეცნო, რომელსაც „წითელი ხარები“, საკუთარი პროდუქციის ცნობადობის
ასამაღლებლად და ზემოთ ნახსენები კიდევ ერთი ინგრედიენტის - გართობისა და ამის
წყალობით, მომხმარებლის ლოიალობის უზრუნველსაყოფად იყენებენ. „რედ ბულის“ მარკეტინგის
გუნდი ამ არსენალს ავსტრიული კომპანიის პროდუქციის რეკლამისთვის ისე იყენებს,
როგორც ერიკ კლეპტონი გიტარას. და თან, ხალხსაც ართობს. და მერე, როგორ ართობს!
ამ მოტორიზებული შოუებით, ფორმულა ერთის ძრავის
სიმფონიას იმ ქვეყნებშიც უსმენენ, სადაც ფ1-ის რბოლები არასდროს ჩატარებულა და
ღმერთმა იცის, ოდესმე თუ ჩატარდება. ასე მოიარეს „წითელმა ხარებმა“ კოლუმბია,
პარაგვაი და ვენესუელა, მაროკო და ალჟირი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩინეთი, ვიეტნამი,
უკრაინა და... ახლახანს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც სტუმრობდნენ. თანაც, მათთან
ერთად, ქარების ქალაქს (როგორც ბაქოს უწოდებენ) დევიდ კულტჰარდიც ეწვია, ვინც დღეს
„რედ ბულის“ სახეა და მის აქციებშიც დროდადრო მონაწილეობს. „რედ ბულის“ კავკასიის
თბილისური ოფისის წყალობით, რომლის ორგანიზებითაც, ბაქოში „რედ ბულის“ სარბოლო შოუ
ჩატარდა, ამ გრანდიოზულ სანახაობაზე დასწრების საშუალება ქართველ ჟურნალისტებსაც მოგვეცა...
ეგ კი არა, შოუში ქართველმა მრბოლებმაც მიიღეს მონაწილეობა
- ბაქოს ქუჩებში, „რედ ბულთან“ და კულტჰარდთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სპორტული კლუბის გუნდ „მია ფორსის“ პილოტებმა - დათა ქაჯაიამ და კოტე
კოლიაშვილმა, თავიანთი ლეჯენდსის კლასის სარბოლი მანქანებით ინავარდეს.
ადრენალინის საწყისი დოზის მიღებაში, მათ გარდა, მაყურებელს დრიფტში უკრაინის
სამგზის ჩემპიონი, ალექსანდრ გრინჩუკიც ეხმარებოდა.
ქვეყანაში „რედ ბულის“ ფ1-ის გუნდის სტუმრობა დიდ
პატივად აღიქვეს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შარშანდელი ბოლიდი RB7,
რომლითაც ფეტელმა 11 გამარჯვება და თავისი მეორე ტიტული მოიპოვა, ბაქოს დროშის
მოედანზე შეუშვეს, სადაც ფეხის შედგმის უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს
და ყველაზე გამორჩეულ სტუმრებს ეძლევათ ხოლმე. კულტჰარდმა იქ RB7-ით
რვიანები მოხაზა და ფოტოსესიაც ჩაატარა...
შაბათს მედიას ჩემპიონი მანქანა გააცნეს. იქვე მისი
„მუსიკის“ რეპეტიციის მომსწრენიც გავხდით, რა დროსაც, ბევრმა ყურებს თითებიც კი
მიაშველა. არადა, „რენოს“ ინჟინერ-ოპერატორებს ხმისთვის ბოლომდე არ აუწევიათ. სახელდახელო
პრესკონფერენციაზე, დასმულ კითხვებს ამ საჩვენებელი გუნდის ტექნიკური დირექტორი,
ტომი ბაროუზი პასუხობდა.
კვირას კი კულტჰარდიც გამოჩნდა. ამ კაცს საერთოდ არ
ეტყობა, რომ ფ1-ში 13 დიდი პრიზი (მათ შორის ორი მონაკოში) და 12 პოულ პოზიცია
აქვს მოპოვებული, არის მსოფლიოს 2001 წლის ვიცე ჩემპიონი და მიკა ჰაკინენთან ერთად
„მაკლარენს“ კონსტრუქტორთა თასი ორჯერ მოაგებინა. მას არცერთი, თუნდაც უმნიშვნელო
კითხვა, პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია. შოუს შემდეგ კი იღბლიანებს მასთან ფოტოს
გადაღების საშუალებაც მისცა და შოუს შემდგომ წვეულებაზეც მოვიდა...
შოუს დროს კი ბაქოელი (და არამხოლოდ ბაქოელი)
მაყურებელი, ფორმულა ერთის მანქანის სისწრაფეს და ძალიან ხმაურიან „სიმფონიას“
აზიარა. ამ ხმაურის, უფრო სწორედ კი, ძრავის ღრიალის სმენისას, უნებურად ბერნი
ეკლსტოუნს დაეთანხმები - ეს ფორმულა ერთის ერთ-ერთი იმ თავისებურებათაგანია, რომელიც
ტრასებზე ასობით ათას მაყურებელს იზიდავს.
***
შოუ ორ საათს გაგრძელდა. მერე ბაქოს ულამაზესი
ბულვარის გასწვრივ მდებარე ქუჩაც დამშვიდდა და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ბაქოელებმა
ისიამოვნეს, ჩვენც. მაგრამ ჩვენ ერთი მთავარი კითხვა დაგვრჩა - როდის დააყრუებს რუსთაველის
გამზირს „რედ ბულის“ ბოლიდის ძრავის ღრიალი და როდის მიეცემათ ქართველებს ტექნიკის
ამ საოცრების და მის შემქმნელ-მომთვინიერებლებთან გაცნობის საშუალება? სამწუხაროდ,
2014 წლამდე ეს შეუძლებელია - „რედ ბულის“ კავკასიის ოფისს ორი წლის განრიგი
გაწერილი აქვს.
არადა,
კარგი იქნებოდა... საქართველოში ავტოსპორტი თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას
ცდილობს და მისი პოპულარიზაცია საქმეს გვარიანად გამოადგება. ამ საქმეში კი ფ1-ის
გრანდის ჩამოსვლაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ... არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი -
გართობა. „რედ ბულის“ ჩამოსვლა და რუსთაველზე მისი სარბოლი ბოლიდის განავარდება
ხალხს იმაზე ნაკლებად როდი გაართობს, ვიდრე უცხოელი ვარსკვლავ(ებ)ის კონცერტები.
სხვათა შორის, ეს ტუსრისტებისთვისაც საინტერესო იქნება... დაკიდევ, იქნებ
ახალგაზრდა თაობას ტექნიკისადმი ინტერესის გაღვივებაში დაეხმაროს...
No comments:
Post a Comment