Infiniti to Debut Running Emerg-E Prototype at
the Goodwood Festival
15 ივნისი
გუდვუდის
ფესტივალი ტრადციული საავტომობილო შოუ არაა, ის სპორტული ავტომობილების ერთგვარი
წვეულებაა, რომლის დროსაც, არაერთი გარბენი ეწყობა, თუმცა ზოგი კომპანია, ამ
ფესტივალს საკუთარი სიახლის წარსადგენადაც იყენებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი
ფესტივალი იქნება, რომელზეც თავიანთი სიახლეების ჩვენებას „ინფინიტი“ და „ბენტლიც“
გეგმავენ.
იაპონური კომპანია, თავის ბრიტანულ ცენტრში
შემუშავებულ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ემერჯ-E-ს“ მოძრავ კონცეპტუალურ ვერსიას
პირველად წარადგენს. ეს ავტომობილი პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს, სადაც
ის აგრეგატების გარეშე იყო. „ინფინიტი“ გუდვუდში ამ ავტომობილის უბრალო წარდგენას
როდი დასჯერდება. იქ „ემერჯ-E“ აღმართის ჩქაროსნულ დაძლევაში მიიღებს მონაწილეობას,
სადაც ასევე „რენოს“ უახლესი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილის, „ალპინ A110-50-ის“
გამოსვლაც იგეგმება, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ახლახანს, მონტე კარლოს დიდი
პრიზის დროს გვიჩვენა.
„გუდვუდის ფესტივალის დამსწრე საზოგადოება პირველი
იხილავს მოძრავ „ემერჯ-E-ს“, რომელიც ჯერ „ინფინიტის“ ბევრ აღმასრულებელსაც არ უნახავს“,
- ამბობს „ინფინიტის“ გლობალურ ბაზართან შესაბამისობის განყოფილების მთავარი ინჟინერი
ჯერი ჰარდქესტლი.
„ემერჯ-E“ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი,
რომელშიც ორი ელექტროძრავის და ენერგიით მათი მკვებავი ელემენტების
(ლითიუმ-იონური) ბლოკის გარდა, ბენზინის სამცილინდრიანი ძრავიც შედის, რომლის
დანიშნულებაც, ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდაა. ჰიბრიდული აგრეგატის ჯამური
სიმძლავრე 402 ცხენის ძალაა, რაც ავტომობილს ადგილიდან ასამდე 4.0 წამში აჩქარებს.
ამ ელექტრულ ჰიბრიდთან ერთად, „ინფინიტი“ გუდვუდში „ინფინიტი
FX ფეტელ ედიშნსაც“ წარადგენს, რომლითაც აღმართის რბოლაში თვით ფ1-ის ორგზის
ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი იასპარეზებს.
გუდვუდშივე,
„სრულიად ახალ მოდელს“ წარადგენს „ბენტლი“, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის
ავტომობილზეა ლაპარაკი. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ეს იქნება „კონტინენტალის“
სრულიად ახალი, ან განახლებული ვერსია. იქვე ბრიტანული კომპანია, რომელიც „ფოლკსვაგენის“
ჯგუფის წევრია, უგზოობის კონცეპტუალურ EXP 9F-ს
წარადგენს, რომელსაც ალბიონზე პირველად იხილავენ.
No comments:
Post a Comment