Friday, June 15, 2012

მალდონადო - „უილიამსი“ უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ბოლო ორ რბოლაში ჩანდა


Maldonado says Williams' form better than results in last two races suggest
15 ივნისი
პასტორ მალდონადო ამბობს, რომ ესპანეთში მისი გამარჯვების შემდეგ, „უილიამსის“ ფორმა არ გაუარესებულა, როგორც ეს შეიძლება ბოლო ორი რბოლის შედეგების გამო გვეგონოს. ამ ორ რბოლაში, „უილიამსის“ პილოტებმა - მალდონადომ და ბრუნო სენამ მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლეს, კვალიფიკაციებში კი მესამე ფაზის მიღმა დარჩნენ.

რა თქმა უნდა, ამ ორი რბოლით გუნდში კმაყოფილები არ არიან, მაგრამ მალდონადო თვლის, რომ ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც გარედან ჩანს. ცუდ შედეგები კი გარემოებათა დამთხვევის ბრალია და არა იმის, რომ გუნდის განვითარება შეფერხდა. გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, რა მოხდა ბარსელონას რბოლის შემდეგ ისეთი, რამაც ასეთი ჩავარდნა გამოიწვია, მალდონადო პასუხობს:
„ჩემი აზრით, მონაკოშიც და კანადაშიც სწრაფები ვიყავით. უბრალოდ, კვალიფიკაციაში მესამე ფაზამდე ვერ მივაღწიეთ, რისი მიზეზიც ტრეფიკი გახდა. მე მაქსიმალურად გავისარჯე, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიე. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ამ ორივე რბოლაში კონკურენტუნარიანები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მანქანა ისევ ისაა, რაც ესპანეთში, მეც ისევ სწრაფი ვარ, მე ყოველთვის სწრაფი ვარ. უბრალოდ, ცოტა გაუმჯობესებაა საჭირო. ტრასაზე უსწრაფესები არ ვართ, თუმცა მოწინავეებამდე არც ბევრი გვიკლია“.
ვენესუელელი მრბოლი ამბობს, რომ თუ მისი გუნდი შეძლებს გამოწვევებისადმი თავის გართმევას ისევე, როგორც ესპანეთში, მაშინ ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც, უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
„საჭიროა ბევრი შრომა, განსაკუთრებით მანქანის მომზადებისას, რათა კვალიფიკაციებზე და რბოლებშიც უფრო სწრაფები გავხდეთ. მანქანა უკეთ უნდა დავაბალანსოთ. ვფიქრობ, ლიდერებისგან არც ისე შორს ვართ. მთავარია, ყველაფერი კარგად შევახამოთ. ბოლო რბოლებში ეს ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ კონკურენტუნარიანები ვართ და მთავარი ესაა. მთავარია, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირება შევძლოთ“.

No comments:

Post a Comment