Tuesday, June 26, 2012

„გრინ GT H2“ - წყალბადის მანქანა ლე მანისთვის ემზადება


GREEN GT H2: GETTING READY FOR 2013 LE MANS
26 ივნისი
მომავალი სეზონის ლე მანის 24-საათიანი რბოლის სტარტზე, სხვებთან ერთად, ექსპერიმენტული ღია სპორტული პროტოტიპიც დადგება, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ავტომობილი, სახელად „გრინ GT H2“, ფრანგულ კომპანია „ველტერ რეისინგის“ მიერაა შემუშავებული.

გამოცემა „რეისქარ ენჯინეარინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერჯერობით 1 300 კილოგრამს იწონის, თუმცა ლე მანის მარათონულ რბოლაში გამოსვლამდე, ის დაახლოებით 300 კილოგრამით შემსუბუქდება. ვებგვერდ „გრინ GT-ს“ ცნობით, ავტომობილი მოძრაობაში ორ ელექტროძრავს მოჰყავს, რომლებიც წყალბადის ფიჭურ ელემენტებში გამომუშავებული ელექტროენერგიით იკვებება.
ამ ეტაპზე, ამ ძრავების ჯამური სიმძლავრე 460 ცხენის ძალას აღწევს, თუმცა ლე მანზე გამოსვლამდე, ეს მაჩვენებელი 540 ცხენის ძალამდე გაიზრდება, მაბრუნი მომენტი კი ამჟამადაც წარმოუდგენლად დიდი - 2 400 ნიუტონმეტრია. ამ მონაცემებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.
რაც შეეხება წყალბადს. ის ორ სპეციალურ ბალონში იტვირთება, რომლებიც მანქანის ორივე გვერდზეა მოთავსებული. ეს ბალონები კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგანაა დამზადებული. მათი ტევადობა საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად და სარბოლ რეჟიმში, 40 წუთი იაროს. ეს დრო საათამდე გაიზრდება, თუ ავტომობილის წონა ტონამდე შემცირდება.
მალე ამ ავტომობილის ტესტირება დაიწყება, რისთვისაც „ველტერ რეისინგმა“ გამოცდილი მრბოლი, „აუდის“ საქარხნო გუნდის ყოფილი წევრი კრისტიან პესკატორი მიიწვია. „გრინ GT H2-ის“ ოფიციალური პრემიერა კი გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონტაის მეოთხე ეტაპზეა დანიშნული, რომელსაც აგვისტოში ბრიტანული ტრეკი სილვერსტოუნი უმასპინძლებს. „ველტერ რეისინგი“ ირწმუნება, რომ ავტომობილს უკვე გავლილი აქვს საჭირო შემოწმება, რომელმაც უსაფრთხოების ნორმატივებთან მისი შესაბამისობა დაადასტურა.

No comments:

Post a Comment