Thursday, July 5, 2012

„მაკლარენს“ სილვერსტოუნის და ჰოკენჰაიმისთვის რამდენიმე სიახლე აქვს

McLaren in big development push for British and German Grands Prix
5 ივლისი
ბრიტანეთის და გერმანიის დიდი პრიზების რბოლებისთვის, „მაკლარენს“ რამდენიმე ტექნიკური სიახლე აქვს მომზადებული. გუნდი იმედოვნებს, რომ მათი წყალობით, მისი პილოტები - ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი კვლავ გამარჯვებისთვის ბრძოლას შეძლებენ.

ვალენსიაში აშკარად გამოჩნდა „რედ ბულის“ უპირატესობა და რომ არა ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, სებასტიან ფეტელი რბოლას მოიგებდა. რა თქმა უნდა, მანქანის სრულყოფაზე „მაკლარენიც“ ინტენსიურად მუშაობს, რისი შედეგიც ბრიტანეთსა და გერმანიაში გამოჩნდება.
გუნდის შეფი მარტინ უიტმარში (ფოტოზე) ამბობს, რომ სილვერსტოუნისთვის რამდენიმე აეროდინამიკური სიახლეა მომზადებული, თუმცა მათი უმეტესობა თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება. სამაგიეროდ, ჰოკენჰაიმზე ბევრი სიახლე ვიზუალურადაც გამოჩნდება.
„სილვერსტოუნისთვის შვიდი რვა მოდიფიკაცია მოვამზადეთ. თუ ყველა სიახლე ისე იმუშავებს, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს და კომპიუტერულმა სიმულაციამ სწორედ ეს გვაჩვენა, მაშინ ვიტყვით, რომ რაღაც ღირებული გაგვიკეთებია. უფრო შესამჩნევი ცვლილებები გვაქვს ჰოკენჰაიმისთვის, ამას ყველა დაინახავს და მიხვდება, თუ რა და რისთვის გავაკეთეთ. საოცრად დაძაბული სეზონია და მუდმივი წინსვლაა საჭირო, რომ მეტოქე გუნდებს კონკურენცია გაუწიო. და ჩვენ ვეცდებით, რომ არავის ჩამოვრჩეთ“, - ამბობს უიტმარში.
რვა ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს ფერნანდო ალონსო ლიდერობს, რომელიც ჰამილტონს 23 ქულით უსწრებს. გარდა იმისა, რომ ამჟამად „მაკლარენს“ მდვრის როლში ყოფნა უწევს, გუნდს სტრესულ მდგომარეობას ის ჭორებიც უძლიერებს, რომელთა მიხედვითაც, ჰამილტონი წასვლას აპირებს. ამაზე უიტმარში ამბობს, რომ მისი მტავარი მიზანი ახლა სიტუაციის გამოსწორებაა და არა სამომავლო გეგმებზე ფიქრი.
„ლუისს დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენ ერთმანეთისა ძალიან კარგად გვესმის. ჩვენს შორის ორმხრივი ნდობა და პატივისცემაა. ჩვენ ერთმანეთით კმაყოფილები ვართ და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც შეიძლება დავშორდეთ. ჩვენ გვირჩევნია, მანქანაზე მუშაობა გავარგძელოთ, რათა ის უფრო სწრაფი და კონკურენტუნარიანი გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეცდომები აღარ დავუშვათ. უნდა ვეცადოთ რბოლების მოგებას, რათა ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება შევძლოთ“, - დასძენს უიტმარში.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment