14 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის რბოლას, რომენ გროჟანი
საკვალიფიკაციო რბოლაში მოპოვებულზე ხუთი ადგილით უკნიდან დაიწყებს. ამის მიზეზი
ისაა, რომ „ლოტუსმა“ მის მანქანაზე, გადაცემათა კოლოფში ტექნიკური გაუმართაობა
აღმოაჩინა. ეს ბრიტანული ეტაპის მიწურულს მოხდა.
გროჟანმა ბრიტანეთის დიდი პრიზი შესანიშნავად
ჩაატარა - პელოტონის უკანა ნაწილიდან, მოწინავეებამდე წაიწია. მაგრამ ბოლო წრეზე
წასულს, კოლოფში პრობლემები შეექმნა. ამ პრობლემას ცოტა ადრე რომ ეჩინა თავი,
ფრანგ მრბოლს ასპარეზობის შეწყვეტა მოუწევდა. რბოლის შემდეგ, გადაცემათა კოლოფს
ანალიზი ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ კოლოფი შესაცვლელია. არადა, გროჟანის
მანქანაზე კოლოფს შეცვლა ცოტა გვიან უწევდა.
„სილვერსტოუნზე, რბოლის ბოლოს, რომენს კოლოფისგან
შეექმნა პრობლემები. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს პრობლემა უფრო ადრე არ
წარმოიქმნა. მაგრამ სამწუხაროდ, გერმანიაში სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევა
მოგვიწევს. მართალია, ეს სასურველი არ იყო, მაგრამ სილვერსტოუნზე ყველამ ვნახეთ,
რა შეუძლია მას. ის ყოველთვის ზღვარზე იბრძვის და გერმანიაშიც ასე იქნება“, -
ამბობს „ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი.
რბოლებში ორივე „ლოტუსი“ ყოველთვის ძალიან სწრაფია
ხოლმე. მაგრამ გროჟანს და კიმი რაიკონენს გამარჯვებაში ხელს ის ფაქტორი უშლის, რომ
სტარტს წინიდან ვერ იწყებენ ხოლმე. ამის მიზეზი კი კვალიფიკაციებზე ნაჩვენები
არცთუ საუცხოო შედეგებია.
აღსანიშნავია, რომ სანამ კოლოფის შეცვლის ამბავს
გაიგებდა, გროჟანი ამბობდა, რომ მას და რაიკონენს ჰოკენჰაიმზე გამარჯვების რეალური
შანსი ექნებათ, თუ სტარტს პირველი ან მეორე რიგიდან აიღებენ...
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment