Monday, April 23, 2012

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

Lamborghini’s Urus Concept is a 600HP SUV Aiming for the Top of its Class
23 აპრილი
ეს დღეც დადგა - საავტომობილო სამყარომ პირველად იხილა „ლამბორგინის“ უგზოობის პირველი სერიული ავტომობილი, სახელად „ურუსი“. მისი მსოფლიო პრემიერა პეკინის ავტო შოუზე შედგა და ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ის არამხოლოდ ამ შოუს, არამედ წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.
„ლამბორგინიმ“ გასული საუკუნის 1980-იან წლებში უგზოობის რამდენიმე ავტომობილი (LM002) კი გამოუშვა, თუმცა მის სერიულ წარმოებაზე არც უფიქრია. ახლა კი, მისთვის უცხო ტერიტორიაზე პირველ ნაბიჯს დგამს. თუმცა იტალიური კომპანიისთვის ეს უცხო სვლა არაა - თავის დროზე, ტრაქტორების კომპანიამ პირდაპირ სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ელიტურ კლუბში ამოჰყო თავი და ახლაც, ამ ნაბიჯის გადადგმისას, სითამამე არ აკლია. მითუმეტეს, ისეთი ძლიერი მფარველი ჰყავს, როგორიც „ფოლკსვაგენია“.
„ნამდვილი ლამბორგინი“ - ამ ეპითეტით წარუდგინა იტალიურმა კომპანიამ თავისი ახალი მანქანა პიკინის ავტო შოუს დამსწრე საზოგადოებას. და რა თქმა უნდა, გარეგნობის გარდა, ამის თქმის უფლებას, „ურუსის“ აღჭურვილობა და შესაძლებლობებიც იძლევა. ტრადიციისამებრ, „ლამბორგინიმ“ თავის მორიგ ახალ ავტომობილსაც ხარის სახელი შეარქვა - ურუსი აწ გადაშენებული ხარის სახეობაა, რომლის შთამომავალი ჯიშისაცაა ესპანური საბრძოლო ხარები. დაკიდევ, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ურუსი“ გახდება „ლამბორგინის“ ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად გამოიყენოთ.
კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4990 მილიმეტრი, სიგანე 1990 მილიმეტრი და სიმაღლე 1660 მილიმეტრი. ანუ, „ბეემვეს“ X6-ზე 120 მილიმეტრით გრძელი, 16 მილიმეტრით განიერი და 30 მილიმეტრით დაბალია. „ურუსი“ მოდელ „ავენტადორის“, უფრო სწორედ, „სტელსის“ სტილშია შესრულებული, მას აქვს ოთხი კარი და ეგრეთ წოდებული „შუტინგ ბრეიკ“ ძარა, რომელიც ქროსოვერისთვის შესაფერისად, დიდი კლირენსი აქვს. ავტომობილი იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელიც „ბენტლიმ“ თავისი ექსპერიმენტული და დაწუნებული EXP 9F-სთვის გამოიყენა და რომელზეც მალე ახალი „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, „პორშე კაიენი“ და „აუდი Q7“ დაემყნობა.
„ლამბორგინის“ ამ ავტომობილის ძრავის შესახებ ინფორმაცია ჯერაც არ გამოუქვეყნებია. პეკინურ პრეზენტაციაზე მხოლოდ ის გამოცხადდა, რომ მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა და თავის კლასში, გამონაბოლქვში ყველაზე ნაკლები ნახშირორჟანგის შემცველობითაც გამოირჩევა. არსებობს ვარაუდი, რომ სერიული „ურუსი“ „ლამბორგინის“ V10, ან „აუდის“ V8 ტურბო ძრავით აღიჭურვება, ან ორივეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, ძრავს ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, სრულამძრავიანი ტრანსმისია უკავშირდება, რომელიც ტრექშნ კონტროლითაა აღჭურვილი.
„ლამბორგინი“ აცხადებს, რომ გამონაბოლქვში ნახშიროჟანგის შემცველობას მსუბუქი მასალების გამოყენებით შეამცირებს. კერძოდ, ეს ეხება არამხოლოდ შასის და ძარის კონსტრუქციას, არამედ ინტერიერსაც. მსუბუქ მასალებს შორის კი პრიორიტეტული კარბონის კომპოზიტია, რომლის წარმოების „ინოვაციური“ ტექნოლოგიების შემუშავებაშიც, იტალიურ კომპანიას „ბოინგი“ დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს მაღალი კლირენსი აქვს, ინჟინრებმა შეძლეს და მისი სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლა დასწიეს. ეს კი „ურუსის“ მართვას გააადვილებს და მას უფრო მანევრულს გახდის.
„ურუსის“ წარმოების დაწყებით, „ლამბორგინი“ ორ მიზანს ისახავს: ჯერ ერთი, მისი ავტომობილების მყიდველთა უმეტესობას, ფარეხში უგზოობის ავტომობილიც უყენია. რა თქმა უნდა, სხვა მარკის. ამიერიდან კი „ლამბოს“ ერთგულ მყიდველს, ამავე მარკის უგზოობის მოდელის შეძენის საშუალება მიეცემა. მეორეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება „ლამბორგინის“ წარმოების მოცულობა. ოღონდ ისე, რომ ეს ზრდა, ამათუიმ მოდელის ექსკლუზიურობას არ აზარალებს. „ლამბორგინიში“ ვარაუდობენ, რომ წლიურად დაახლოებით 3 000 ცალი „ურუსის“ გაყიდვას შეძლებენ.

ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html

No comments:

Post a Comment