Sunday, September 16, 2012

ფორმულა ალფა (მე-5 ეტაპი)

ერთ ნაბიჯში ჩემპიონობამდე
16 სექტემბერი
მართალია, ჯერ კლასიფიკაციები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ადეიშვილმა ჩემპიონობა გაინაღდა. ხუთი ეტაპიდან მან ოთხი მოიგო და რაც მთავარია, მისი გამარჯვებები სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით, ქართულ ავტოსპორტს ძალიან პერსპექტიული მრბოლი ჰყავს. ოღონდ, ამ პერსპექტივას განვითარება, ანუ მაღალ კლასებში ძალის მოსინჯვა მაინც სჭირდება, რაც სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს...

მე-5 ეტაპი ადეიშვილის და მისი თანაგუნდელის (ორივე გალფ რეისინგის წევრია), გამოცდილი მევლუდ მელაძის ორთაბრძოლით აღინიშნა. სხვათა შორის, მელაძემ კვალიფიკაციის შემდეგ დაიქადნა, რბოლაში გამოჩნდება ჩემი სიჩქარეო და მართლაც გამოჩნდა, თითქმის ნახევარი დისტანცია ლიდერის რანგში გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში, კუდში ადეიშვილი მიჰყვებოდა.
თუ „გალფის“ პილოტები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, მესამე ადგილს ერთმანეთს სამი მრბოლი - ლაშა ნადირაშვილი, მისი თანაგუნდელი ირაკლი ჩხეიძე (ორივე მია ფორსის წევრია) და ვეტერანი დავით რამიშვილი ეცილებოდნენ. დანარჩენები კი საგრძნობლად ჩამორჩნენ. უნდა ითქვას, რომ ფორმულა ალფას რბოლაში პირველად მიიღო მონაწილეობა რვა მრბოლმა, რამაც ასპარეზობა უფრო საინტერესო გახადა.
შუა რბოლაში, პირველი S-მოსახვევის გავლისას, მელაძემ შეცდომა დაუშვა და დატრიალდა, ადეიშვილი კი არ დაიბნა და წამში წინ დატრიალებულ მეტოქეს მანქანა მოარიდა და თავად დაწინაურდა. მელაძემაც მალევე შეძლო რბოლაში დაბრუნება, თუმცა ნადირაშვილმა და ჩხეიძემ გაუარეს, რამიშვილმა კი ეს ვერ მოასწრო.
ადეიშვილმა ბოლომდე შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მელაძემ ჩხეიძეს კი გაასწრო, მაგრამ ნადირაშვილს ვეღარაფერი მოუხერხა და მესამე ადგილს დასჯერდა.
უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს ნადირაშვილის პროგრესი. ის ძალიან სტაბილურია და თანდათან ხვეწს თავის კლასს, რაც შედგებშიც აისახება - კვარცხლბეკზე მისი ასვლა არავის უკვირს. და ნურც იმას გაიკვირვებთ, თუ მომდევნო რბოლაში უფრო მაღალი ადგილისთვის იბრძოლებს.

ფორმულა ალფა 12 წრე    დრო              საშ.სიჩქარე
1. ნიკა ადეიშვილი              21:10.396        140.781
2. ლაშა ნადირაშვილი         21:18.452        139.894
3. მევლუდ მელაძე              21:19.286        139.803
4. ირაკლი ჩხეიძე                21:24.162        139.272
5. დავით რამიშვილი          21:25.726        139.103
6. შოთა აფხაზავა                21:51.821        136.336
7. დავით აფციაური            21:57.832        135.714
8. ზაზა დუდაური               22:35.778        131.915

საუკეთესო დრო (სიჩქარე, კმ/სთ)
მევლუდ მელაძე                 1:44.701 (142.348)

კლასიფიკაციები მოგვიანებით გამოქვეყნდება































































































































































No comments:

Post a Comment