Monday, October 8, 2012

საბერძნეთში ფ1-ის ტრასის აშენებას აპირებენ


Debt-Stricken Greece Wants to Build a Formula 1 Racing Track in the Peloponnese
8 ოქტომბერი
ვინც იცის, რა შავ დღეშია საბერძნეთი, ალბათ იტყვის, ლამის ევროზონა დაატოვებინონ და ამ ბერძნებს რაღა ეფორმულაერთებათო. მაგრამ ქვეყნის მთავრობა დარწმუნებულია, რომ წამოწყება ქვეყანას სოლიდურ მოგებას მოუტანს, ტრასის და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი უამრავი ადამიანი დასაქმდება. და აი, განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა ფორმულა ერთის შესაფერისი ტრეკის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ისღა დარჩა, რომ საბერძნეთის პარლამენტმა პროექტი დაამტკიცოს.

უნდა ითქვას, რომ ფ1-ის ტრეკის მშენებლობაზე საბერძნეთში მას შემდეგ ბჭობენ, რაც დიდი პრიზების ცირკი მეზობელ უნგრეთს ეწვია. ბევრი მუნიციპალიტეტი ცდილობს, რომ ტრეკი მის მიწაზე აშენდეს. მაგრამ ჯერ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. არადა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საბერძნეთი რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რბოლას - აკროპოლისის რალის მასპინძლობს.
მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად საქმეს კარგი პირი უჩანს. პროექტის მიხედვით, ტრეკი ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის, პატრასიდან 20 კილომეტრში მდებარე დაბა ჰალანდრიცაში უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება 94.6 მილიონი ევროა. აქედან 29.92 მილიონის მოზიდვა სახელმწიფო გრანტებით მოხერხდება, დანარჩენს კი პატრასის ავტოდრომის კონსორციუმი მოუყრის თავს, რომელსაც მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. თუ პროექტს პარლამენტიც მოიწონებს, მაშინ ტრასის მშენებლობას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება და მასზე 497 ადამიანი დასაქმდება.
მაგრამ ერთია, ააშენო ტრეკი, რომელიც ფ1-ის მოთხოვნებს პასუხობს და მეორე, გაცილებით რთული საქმეა, მიიღო ეტაპის ჩატარების უფლება. მიზეზი გადატვირთული კალენდარია, რომელში მოხვედრაც რამდენიმე ქვეყანას სურს, მაგრამ ვაკანსია პრაქტიკულად არ არსებობს. და თუ გამოჩნდა, ფ1-ის კომერციულ-უფლებათა ბატონ-პატრონ ბერნი ეკლსტოუნს ურჩევნია, ეს ვაკანსია იმ ქვეყნებით შეავსოს, სადაც მეტ შემოსავალს მიიღებს.
კონსორციუმის პრეზიდენტი ევანგელოს ფლორატოსი აღნიშნულ სიტუაციაში კარგადაა გარკვეული და იცის, რომ ფ1-ის რბოლის მასპინძლობის უფლების მიღება იოლი არ იქნება. ამასთან, ის გვახსენებს, რომ ავტო-მოტორ სპორტი მარტო ფ1-ით არ შემოიფარგლება და რომ ძალიან ბევრი საინტერესო სერიებიც იმართება, რომლებსაც ბერძნები სიამოვნებით უმასპინძლებენ. მერე კი ფ1-ზე ფიქრიც შეიძლება...

No comments:

Post a Comment