Monday, October 8, 2012

„ონიქსი“ - ლომების სუპერ ავტომობილი და... სამბორბლიანი სკუტერი


Peugeot Unveils Onyx Hybrid Concepts in 680HP Supercar and…Three-Wheel Scooter Flavors
8 ოქტომბერი
ფრანგული დიდი სამეული - „რენო“, „სიტროენი“ და „პეჟო“, სუპერ ავტომობილების წარმოებით ვერ დაიკვეხნიან. შესაძლოა, ამ სეგმენტში მცირე „გამონათებები“ ჰქონდათ კიდეც, მაგრამ წარუმატებლად და ამის შედეგი ისაა, რომ მათს გამაში ამჟამად ასეთ ავტომობილებს ვერ ნახავთ. თუმცა „რენომ“ და „პეჟომ“ ამ ნაკლის გამოსწორებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს.

სუპერების ფრონტზე რომბების პირველი გამონათება - „ალპინ A110-50“, მონაკოს დიდი პრიზის დღეებში ვნახეთ, პარიზში კი ლომების ჯერ დადგა, რომლებმაც ერთიდაიმავე სახელ „ონიქსით“ არამხოლოდ სუპერ ავტომობილი, არამედ სამბორბლიანი ელექტრული სკუტერიც გვიჩვენეს. ორივე ჩვენ პარიზის მოტორ შოუმდე გაგაცანით, ამჯერად მათ კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი და პარიზული შოუს ფოტოებიც დავათვალიეროთ.
„პეჟომ“ რომ „ონიქსის“ წარმოება გადაწყვიტოს, ეს ამ ჟანრის სრულფასოვანი წარმომადგენელი გახდება. თავად განსაჯეთ, 4.65 მეტრი სიგრძის ავტომობილი, დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 3.7-ლიტრიანი V8 და სისტემა კერს-ია გაერთიანებული. ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა და ის უკანა ბორბლებს ატრიალებს. კერს-ი კი მუხრუჭების კინეტიკურ ენერგიას ითვისებს და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში აგროვებს, შენახულ ენერგიას კი საჭიროების შემთხვევაში, ელექტროძრავს აწვდის. კერს-ი ჰიბრიდულ სისტემას დამატებით 80 ცხენის ძალას აძლევს.
ავტომობილს „პეჟოს“ საფირმო რადიატორი გამოარჩევს, რამაც შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ლომებს მისი წარმოება აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ პირიქით... ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ „ონიქსი“ კონცეპტუალურ ავტომობილად დარჩება.
რაც შეეხება სკუტერ „ონიქსს“, ის თავის სეხნია სუპერ ავტომობილის სტილშია შესრულებული. ყოველ შემთხვევაში, გამოფენაზე ორივე სპილენძის და მურა ნახშირის ფერებში გამოწყობილი წარსდგა. თანაც, სკუტერსაც აქვს „პეჟოს“ რადიატორის მსგავსი წარმონაქმნი და ისიც ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კერს-ის გარეშე.
ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბენზინის 0.4-ლიტრიანი ძრავი, რომელიც უკანა ბორბალს ატრიალებს. ელექტროძრავთან ერთად, ის 60 ცხენის ძალას და 58 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მარტო ელექტროძრავით სკუტერს 30 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ დროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 50 კმ/სთ-ს აღწევს. ჰიბრიდული სისტემის სრულფასოვნად დატვირთვის შემთხვევაში კი სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.
„პეჟოს“ არ დაუზუსტებია, თუ რა ბედი ელის სკუტერს...

No comments:

Post a Comment