Sunday, October 28, 2012

ფეტელმა ინდოეთში ტრიუმფი გაიმეორა

Vettel wins Indian GP, Alonso second
28 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ინდოეთის დიდი პრიზი, რითაც გერმანელი პილოტი, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ზედიზედ მესამე ტიტულს. ფეტელი ერთადერთი მრბოლია, ვისაც „ბუდ ინტერნეიშნლზე“ რბოლა აქვს მოგებული. მან შარშანაც პოულიდან მოიგო და ამჯერადაც, ფინიშს ისე მიაღწია, წინ წამითაც არავინ გაუშვია. რაც მტავარია, ტიტულის აწ უკვე ერთადერთ მოცილე ფერნანდო ალონსოსთან უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.
რბოლის გმირი მისი გამარჯვებულია, თუმცა ამჯერად, ინდურ ეტაპს ორი გმირი ჰყავდა ფეტელის და ალონსოს სახით. ესპანელმა, რომ იტყვიან, უთანასწორო ბრძლაში შეძლო რბოლის მინიმალური დანაკარგებით დასრულება - კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა და ამით პროგრამა მინიმუმი შეასრულა. თან, მან ამას ბრძოლით მიაღწია - სტარტიდან ფინიშამდე სამი საფეხურით წინ წაიწია. რბოლის მიწურულს, მის აგრესიას ვებერი „ემსხვერპლა“. მართალია, ავსტრალიელს კერს-თან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ერთხელ უსწრაფესი წრეც კი დააფიქსირა. ასე რომ, მისი გასწრება არც ისე ადვილი საქმე იყო.
კარგი ბრძოლისუნარიანობა ლუის ჰამილტონმაც გამოავლინა, მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანელს მანქანა აღარ აძლევს იმ უპირატესობას, რომელსაც თუნდაც ბოლო ევროპულ ეტაპებზე და სინგაპურში აძლევდა. მან მესამე ადგილისთვის ფინიშამდე იბრძოლა, მაგრამ ვებერის გასწრება ვეღარ შეძლო.
ინდური რბოლის შემდეგ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტიტულისთვის ბრძლას მხოლოდ ფეტელი და ალონსო შემორჩნენ. მცირე მათემატიკური შანსი ვებერს, კიმი რაიკონენს და ჰამილტონსაც აქვთ, მაგრამ ამ შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ მოწინავეებს ძალიან არ გაუმართლებთ. მაგალიტად, ჰამილტონს ჩემპიონობისთვის სჭირდება, რომ დარჩენილი სამივე რბოლა მოიგოს და ფეტელმა ქულაც ვერ აიღოს. რაიკონენს და ვებერს ოდნავ მეტი შანსი აქვთ. ალბათ გაგეცინათ...
რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, აქ „რედ ბული“ გამოკვეთილი ლიდერია და უახლოეს მდევარ „ფერარის“ 96 ქულას უგებს. ავსტრიულ გუნდს 33 ქულა სჭირდება იმისათვის, რომ მიუწვდომელი გახდეს. ეს კი ბევრი არაა. დარჩენილ სამ რბოლაში ამდენი ქულის აღება, „რედ ბულს“ კი არა, „მერსედესს“ და „ზაუბერსაც“ არ უნდა გაუჭირდეთ. მოკლედ, აქ ჩემპიონის ვინაობა შეიძლება აბუ დაბიშივე გაირკვეს...
საინტერესო ფაქტი - ფეტელმა ერთ სეზონში ზედზედ ოთხი რბოლა პირველად მოიგო. ეს მის კარიერაში მოპოვებული 26-ე გამარჯვებაა, ანუ ერთით ნაკლები, ვიდრე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბრიტანელ ჯეკი სტიუარტს მთელ კარიერაში აქვს მოპოვებული. ერთადერთი შეცდომა, რომელიც ფეტელმა დაუშვა, რბოლის შემდეგ მოუვიდა - პიტლეინზე შესვლისას, ძრავი გათიშა და იმისათვის, რომ დახურულ პარკამდე მიეღწია, ვებერის ბუქსირი დასჭირდა. ავსტრალიელი თანაგუნდელს უკნიდან მიაწვა.
„ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს - სეზონის დასრულებამდე გრძელი გზაა გასავლელი“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც შარშან ინდოეთში ორგზის ჩემპიონის რანგში გაიმარჯვა. საინტერესოა ისიც, რომ ბუდჰ ინტერნეიშნლზე გამართულ ორ რბოლაში, გერმანელი პილოტის გარდა, ლიდერის პოზიციაზე სხვა არავინ ყოფილა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მთავარი მოვლენები სტარტზევე მოხდა. ფეტელმა მკვეთრი მანევრით, ვებერი ნაპირისკენ გარიყა და ავსტრალიელს დაწინაურების მადა უმალ დააკარგვინა. იქვე (პირველ მოსახვევში) ვებერს ჰამილტონმა შეუტია, მაგრამ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და შეჯახების თავიდან ასაცილებლად, ტემპი ოდნავ დააგდო. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეორე სწორეზე, მისთვის ერთდროულად ბატონს (მარცხნიდან) და ალონსოს (მარჯვნიდან) გაესწროთ. უფრო მეტიც, ალონსომ ბატონიც უკან ჩამოიტოვა.
შემდგომ მოსახვევში „მაკლარენებმა“ დაკარგული დაიბრუნეს. უფრო მეტიც, ჰამილტონმა თანაგუნდელის გასწრებაც სცადა. მაგრამ არაფერი გამოუვიდა და თავად ისევ ალონსოს შეტევას „ემსხვერპლა“. ალონსომ ბატონის ჩამოტოვებაც მოისურვა, მაგრამ შეტევა აღარ გამოუვიდა. და მაინც, სამი წრის შემდეგ, ესპანელმა უკვე საქმეში DRS-იც ჩართო და ამჯერად ბატონს თავდაცვის საშუალება აღარ აღმოაჩნდა. მალე კი მას ჰამილტონმაც გაუარა.
პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ, კიმი რაიკონენმა ფელიპე მასას გაასწრო. მაგრამ ბრაზილიელმა, როგორც კი საბურავები გაახურა, მაშინვე DRS გამოიყენა და სლიპ სტრიმით გაუარა ფინელ პილოტს. მოგვიანებით, ბოქსებში ჰამილტონიც შევიდა, რომელსაც ოთხის ნაცვლად, ხუთი ბორბალი შეუცვალეს. ოღონდ, ამ ხუთიდან ერთი საჭის ბორბალი იყო, რომელზეც გადაცემათა კოლოფის მართვის ელექტრონიკა იყო დაზიანებული.
45-ე წრეზე ვებერს რადიოთი აცნობეს, რომ მის მანქანაზე კერს-ი დაზიანდა, თუმცა შეპირდნენ, მალე ისევ ავამუშავებთო. სანამ აამუშავებდნენ, ალონსომ სამ წრეში დაწევაც შეძლო და გასწრებაც. რბოლის მიწურულს კი „რედ ბულის“ პილოტს გამილტონიც დაეწია, ოღონდ ამან გასწრება ვერ მოახერხა, რადგან ავსტრალიელი სასწაულებრივად ახერხებდა მაღალი ტემპის შენარჩუნებას. საბოლოოდ, ბრიტანელი ვებერს ფინიშის ხაზზე კუდში მიჰყვა...

ინდოეთის დიდი პრიზი
ნიუ დელი, ბუდჰ ინტერნეიშნლ, დისტანცია 307.249 კმ (5.125კმ, 60 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:31:10.744
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   +00:09.437
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       00:13.217
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            00:13.909
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:26.266
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:44.674
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:45.227
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:54.998
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:56.103
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        01:14.975
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   01:21.694
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:22.815
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      01:26.064
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        01:26.495
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1 წრე
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1 წრე
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1 წრე
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            2 წრე
21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
22გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)              5 წრე
გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                  18 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           40 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:28.203, მე-60 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 240 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 227; 3. კიმი რაიკონენი - 173; 4. მარკ ვებერი - 167; 5. ლუის ჰამილტონი - 165; 6. ჯენსონ ბატონი - 141; 7. ნიკო როსბერგი - 93; 8. რომენ გროჟანი - 90; 9. ფელიპე მასა - 89; 10. სერხიო პერესი - 66; 11. კამუი კობაიაში - 50; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 49; 13. პოლ დი რესტა - 44; 14. მიხაელ შუმახერი - 43; 15. პასტორ მალდონადო - 33; 16. ბრუნო სენა - 26; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 12; 18. დანიელ რიკიარდო - 9

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 407 ქულა; 2. ფერარი - 316; 3. მაკლარენ-მერსედესი - 306; 4. ლოტუს-რენო - 263; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერ-ფერარი - 116; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 93; 8. უილიამს-რენო - 59; 9. ტორო როსო-ფერარი - 21; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0; 12. ისპანია-კოსუორტი - 0

No comments:

Post a Comment