Thursday, October 11, 2012

სუძუკაზე ჰამილტონის პრობლემები საკიდარს დაბრალდა

McLaren says Hamilton had a suspension issue in the Japanese GP
11 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ იაპონიის დიდ პრიზზე ლუის ჰამილტონს მართვის პრობლემები ჰქონდა, რაც უკანა საკიდარში არსებულმა მექანიკურმა პრობლემამ განაპირობა. ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე, ბრიტანელი არასაკმარის მოხვევადობას უჩიოდა. რბოლამდ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. თუმცა ამის მიუხედავად, მართალია რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო, ჰამილტონმა მაინც ფინიშს მეხუთემ მიაღწია.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ამბობს, რომ რბოლის მეორე ნახევარში, პრობლემა თავისით გაქრა. თუმცა იაპონიაში მისი მიზეზის დადგენა ასეც ვერ მოხერხდა. თუმცა, კორეული ეტაპის წინ, გუნდის ინჟინრებმა მანქანა დაწვრილებით გამოიკვლიეს და მიზეზიც დაადგინეს. კითხვაზე, პრობლემა ხომ არ გამოიწვია მანქანის მომზადების დროს დაშვებულმა შეცდომამ, ჰამილტონი პასუხობს:

„წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი მანქანა კარგად მაქვს შესწავლილი და ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ის კარგად არ მუშაობს. და თუ მისი მომართვისას შევცდებით, შეცდომას სწრაფად ვასწორებთ. მაგრამ ამჯერად, ისეთ პრობლემას წავაწყდით, რომლის მსგავსიც ადრე არასდროს შექმნილა. ძალიან მიკვირს, რომ ამას გავუმკლავდი. იმედი მქონდა, რომ ეს ჩემი შეცდომის შედეგი არ იყო. ბიჭებს ბევრი გარჯა დასჭირდათ, რათა მიზეზი დაედგინათ და მათ ამ მიზეზს უკანა საკიდარში მიაგნეს“, - ყვება ჰამილტონი.
მას პრობლემის დაკონკრეტება სთხოვეს, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „საკიდარი მწყობრიდან არ გამოსულა, რადგან ამ შემთხვევაში, რბოლას ვერ დავასრულებდი. დაზიანდა რაღაც ნაწილი, რომელსაც მანქანის დაბალანსებისას ვიყენებთ. მიხარია, რომ ეს მიზეზი ვიპოვნეთ. მოკლედ, კორეაში ეს პრობლემა აღარ შეგვაწუხებს“.
რაც მთავარია, ჰამილტონი არ თვლის, რომ საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა. მართალია, ფერნანდო ალონსოს 42 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მიაჩნია, რომ შანსები ჯერაც აქვს. ალონსომაც და მისმა უახლოესმა მდევარმა სებასტიან ფეტელმა იაპონიის შემდეგ განაცხადეს, რომ ტიტულის შანსებს ჰამილტონიც ინარჩუნებს. ბრიტანელი თვლის, რომ ლიდერებს ეს ტყუილად არ უთქვამთ:
„არა მგონია, მათ ეს ტყუილად ეთქვათ. ჩვენ ძალიან სწრაფი მანქანა გვაქვს, რაც სატიტულო ბრძოლაში დარჩენის საშუალებას გვაძლევს. მათზე სწრაფები ვიყავით სინგაპურსა და მონცაზე. ამიტომ, ჩემპიონატში დომინანტ ძალად ვრჩებით. ბოლო ორ რბოლაში, სულ ცოტა, 35 ქულა დავკარგე, თუმცა დარჩენილ ხუთ ეტაპზე, მაქსიმუმ 125 ქულის აღება კიდევ შეიძლება. ამიტომ, ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ და ამ რბოლებში ბოლომდე დავიხარჯები“.

No comments:

Post a Comment