Thursday, October 11, 2012

„ზაუბერი“ კალტენბორნმა გადაიბარა

Monisha Kaltenborn becomes new Sauber F1 team principal
11 ოქტომბერი
მონიშა კალტენბორნი და პეტერ ზაუბერი
მონიშა კალტენბორნი „ზაუბერის“ ახალი შეფი გახდა. შვეიცარიული გუნდის დამაარსებელი პეტერ ზაუბერი კი, როგორც სეზონის დასაწყისშივე განაცხადა, თავისი გუნდის ყოველდღიურ მართვას ჩამოშორდა. ზაუბერს ნათქვამი აქვს, რომ როგორც კი 70 წელი შეუსრულდება (მერმისს), აღარ აპირებს გუნდის ხელმძღვანელობას. და როგორც ჩანს, ამ სეზონის ბოლოდან თავის სიტყვას შეასრულებს.
ინდური წარმოშობის კალტენბორნი დაუყოვნებლივ ხდება „ზაუბერის“ შეფი, თავად პეტერ ზაუბერი კი „ზაუბერ გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება და გუნდს აქციების საკონტროლო პაკეტსაც ჯერჯერობით შეინარჩუნებს.
„დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე მონიშა შემცვლიდა. თუმცა, ეს როდის მოხდებოდა, ეს განსაზღვრული არ გვქონდა. ახლა ცვლილებისთვის კარგი დროა და სწორედ ახლა მივიღე ეს გადაწყვეტილება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე რბოლაზე, მათ შორის იაპონიაშიც, დასწრება ვერ შევძელი და გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა. ამიტომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ მონიშას ყველა მონაცემი აქვს იმისა, რომ გუნდს წარუძღვეს. ის შესანიშნავი ხელმძღვანელია და რაც მთავარია, ის ჩვენი გუნდის ღირებულებებს ედაიცავს, რასაც დიდ მნიშცვენობას ვანიჭებ“, - განაცხადა ზაუბერმა.
კალტენბორნი „ზაუბერში“ 2000 წელს მივიდა და სათავეში გუნდის იურიდიულ დეპარტამენტს ჩაუდგა, ორი წლის წინ კი მისი მტავარი აღმასრულებელი გახდა. მასვე ეკუთვნის გუნდის აქციების მესამედი. ამგვარად, კალტენბორნი ფ1-ის ისტორიაში, გუნდის პირველი ხელმძღვანელი ქალი გახდა.
„ბუნებრივია, გუნდის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. პეტერ ზაუბერმა თავისი გუნდი ორმოც წელზე მეტი ხნის წინათ ჩამოაყალიბა, მომავალი სეზონის დასაწყისში კი ოცი წელი შესრულდება, რაც „ზაუბერი“ ფ1-შია. ხნოვანების მიხედვით, ჩვენი გუნდი მეოთხეა ფ1-ში. ერთია გახდე ფ1-ის მონაწილე და გაცილებით რთულია, მასში ადგილის შენარჩუნება. ეს უზარმაზარი მიღწევაა. პირადად მე, მაღალი მიზნები დავისახე მიზნად და ყველაფერს გავაკეთებ მათ მისაღწევად“, - განაცხადა კალტენბორნმა.
სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპით ადრე, „ზაუბერს“ კონსტრუქტორთა პირველობაზე მეექვსე ადგილი უკავია და მის წინ მყოფ „მერსედესის“ საქარხნო გუნდს 20 ქულით ჩამორჩება.

No comments:

Post a Comment