Tuesday, November 13, 2012

ფერდინანდ პიხი ნანობს, რომ დიზაინერი შრაიერი „კიაში“ გაუშვა


Ferdinand Piëch regrets letting designer Schreyer leave for Kia
13 ნოემბერი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხი ნანობს, რომ „აუდის“ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერსა და გამორჩეულ დიზაინერ პეტერ შრაიერს (ფოტოზე) „კიაში“ გადასვლის საშუალება მისცა. პიხმა ეს სინანული გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას გამოთქვა.

საერთოდ, პიხი ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლევა და საკუთარ შეცდმებზე კიდევ უფრო იშვიათად ლაპარაკობს. პიხი ახლა 75 წლისაა და 18 წელია, რაც გერმანულ გიგანტს ხელმძღვანელობს და ალბათ, კიდევ 5-7 წელი მის სათავეში დარჩება. ანუ, შემდეგი თაობის „გოლფის“ გამოსვლას ისევ შეფის რანგში შეხვდება.
„ჩვენ მისთვის წასვლის საშუალება არ უნდა მიგვეცა“, - ამბობს პიხი, ვისაც არასდროს უნანია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელების დათხოვნა. შრაიერმა სახელი „აუდი TT-ს“ შემუშავებით გაითქვა, „კიას“ მთავარი დიზაინერი კი 2006 წელს გახდა.
იმავდროულად, პიხს უნდა, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი იტალიური „ალფა რომეოთი“ შეავსოს. მართალია, ახლახანს ვოლფსბურგელთა მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა განაცხადა, რომ „ფოლკსვაგენი“ ბრენდების შესყიდვით დაინტერესებული აღარაა, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დროებითი უკან დახევაა.
„ალფა რომეო“ გასაჭირში ჯერ კიდევ მაშინ აღმოჩნდა, სანამ ევროპას ფინანსური კრიზისი დაატყდებოდა თავს. შესაბამისად, პიხმა და ვინტერკორნმა ჩათვალეს, რომ ამ სიტუაციაში, „ალფას“ შეძენა ხელსაყრელი იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით, „ფიატის“ მტავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ჯიუტად აცხადებს, რომ „ალფა რომეო“ არ იყიდება და რომ ამ კომპანიას კრიზისიდან გამოიყვანს.

No comments:

Post a Comment