Tuesday, November 13, 2012

„მერსედესი“ ნახტომისთვის ემზადება


Mercedes blip necessary for stronger future - Norbert Haug
13 ნოემბერი
„მერსედეს მოტორშპორტის“ შეფი ნრბერტ ჰაუგი ამბობს, რომ ბოლო რბოლებში მისი გუნდის უხეირო გამოსვლა, ნაწილობრივ მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადართვას მოჰყვა. და ის იმედოვნებს, რომ შესრულებული სამუშაო, გაცილებით უკეთესის იმედს უტოვებს.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ, სამქიმიანების პილოტებს ქულაც კი არ აუღიათ. ასე დაიკარგა იმის იმედი, რომ კონსტრუქტორთა თასზე, ისინი „ლოტუსის“ მეოთხე ადგილიდან ჩამოქვეითებას შეძლებდნენ. ამასთან, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ მეხუთე ადგილს „ზაუბერს“ დაუთმობენ.
საინტერესოა, რომ სინგაპურში გუნდმა გაუმჯობესებული მანქანა ჩაიტანა, რომელსაც ეგრეთ წოდებული კოანდას ეფექტით მომუშავე გამოსაბოლქვი სისტემა აქვს. მაგრამ ამან ვერ იმუშავა. ჰაუგის თქმით, ეს ისეთი რთული სისტემაა, რომელსაც აეროდინამიკურ მილში საფუძვლიანი დამუშავება და სრულყოფა სჭირდება. ამის საშუალება კი ნაკლებად იყო, რადგან გუნდმა საკუთარი მილი გადააკეთა.
„მინდა ვთქვა, რომ კოანდას ტექნიკით ის ეფექტი ვერ მივიღეთ, რისი მიღებაც შესაძლებელი იყო. საერთოდ, ასეთი სიახლის დანერგვისთანავე, სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია. მის დახვეწას ორი-სამი რბოლა სჭირდება. სრულყოფის პროცესში ისეთ ფაქტორებს ვაწყდებით, როგორიცაა სავსე ავზებით დამძიმებული მანქანა. მეორე მხრივ, გარდა მუდმივი სრულყოფისა, წინსვლის სხვა გზა არც არსებობს. ეს მუდმივი პროცესია. სამაგიეროდ, სულ რაღაც ორ თვეში, ჩვენი მილი ისე შევცვალეთ, რომ მასში 50-პროცენტიანის ნაცვლად, 60-პროცენტიანი მასშტაბური მოდელების ტესტირების საშუალება გვექნება“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას ყვება ჰაუგი.
მისი თქმით, მთავარია ის, რომ „მერსედესმა“ დაამტკიცა, რომ გამარჯვების უნარი შესწევს. და არც იმას ელოდა ვენმე, რომ გუნდი მოწინავეთა რიგებს მაშინვე დაუბრუნდებოდა, როგორც კი მიმდინარე პრობლემები მოგვარდებოდა:
„ჩვენ გამარჯვება საჩუქრად არ მიგვიღია. შანჰაის ტრეკი ჩვენს მანქანას კარგად ესადაგება, თუმცა ასეთი სოლიდური უპირატესობით გამარჯვება ამ სეზონში ბევრი არ ყოფილა. ნიკომ 20 წამით მოიგო და თანაც, დუბლიც შესაძლებელი იყო. სწრაფები ვიყავით მონაკოშიც, მონრეალშიც. იყო რამდენიმე ეტაპი, რომლებზეც კონკურენტუნარიანობა გამოვამჟღავნეთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რო არდადეგების შემდეგ იქ აღმოვჩნდით, სადაც არ ვისურვებდით. და ამ ყველაფერს მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, კარგად უნდა გამოვიკვლიოთ კოანდას გამოსაბოლქვი, რომლისგანაც ის სარგებელი ვერ მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო. მეორეც, აეროდინამიკური მილის პროგრამა დასახვეწია. რომ გვაკრიტიკებენ, ეს სრულად დავიმსახურეთ. მაგრამ ეს მომენტი გაცილებით ადრე უნდა გაგვევლო. და მაინც, რბოლის მოგება იღბლის შედეგი არაა და ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამას ისევ მივაღწიოთ. ეს ჩვენი მიზანია“.

No comments:

Post a Comment