Monday, November 19, 2012

„ლამბორგინი ავენტადორი“ სახურავის გარეშე


Lamborghini Aventador LP700-4 Roadster Officially Revealed, Priced at €300,000
19 ნოემბერი
„ლამბორგინი“ თავისი ახალი ავტომობილის - როდსტერ „ავენტადორ LP700-4-ის“ მსოფლიო პრემიერას ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩაატარებს, თუმცა მანამდე ეს ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო. ამერიკაში კი პირველად მაიამიში ჩაიტანა და იქაურ პოტენციურ მყიდველს წარუდგინა.

„ავენტადორი“ ახალი მოდელია - იტალიურმა კომპანიამ მისი წარმოება შარშან დაიწყო, თუმცა უკვე თითქმის 1 300 ცალია გაყიდული, რაც ამ დონის სუპერ ავტომობილისთვის ძალიან კარგი შედეგია. როდსტერი ამ წარმატებული ავტომობილის პირველი ახალი ვერსიაა. წინამორბედ „მურსიელაგოს“ ღია ვერსიისგან განსხვავებით, „ავენტადორ LP700-4 როდსტერს“ მყარი მოსახსნელი სახურავი აქვს, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული და ორი ნაწილისგან შედგება.
სხვათა შორის, თავისი სტილით, „ავენტადორ LP700-4 როდსტერი“ უფრო ტარგას ტიპისაა, ვიდრე როდსტერის. და ეს ღია სუპერ ავტომობილებისთვის ახალ მიმდინარეობად იქცა - „ფერარი 458 სპაიდერიც“ და „მაკლარენ MP4-12C-ც“ ასეთივე ძარით გამოირჩევა. ოღონდ, ამ ორისგან განსხვავებით, „ლამბოს“ ახალ როდსტერს სახურავის დასაკეცად და გასახსნელად, ელექტრონიკა არ ემსახურება. სანტ’აგატა ბოლონეზელებმა ეს ზედმეტად ჩათვალეს და მათ ხელით მოსახსნელი სახურავი გააკეთეს, რადგან ჩათვალეს, რომ რადგან სახურავი მსუბუქია (მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის), მისი ავტომატურად დაკეცვა და დაყენება ძნელი არ იქნება. მოხსნის შემდეგ, სახურავს მანქანის წინ არსებულ საბარგულში შეინახავთ, მის დაყენებას კი წამებში შეძლებთ.
კუპესგან როდსტერს უკანა საყრდენი განასხვავებს, რომელიც იმავდროულად, მანქანის გადაყირავების შემთხვევაში, უსაფრთხოების რკალის მოვალეობასაც შეასრულებს. თანაც, მძლავრი V12 ძრავის სეგმენტის გასაგრილებლადაც აგროვებს ჰაერს. უკანა ფანჯარაც მოსახსნელია და ქარის დეფლექტორის მოვალეობასაც ასრულებს. ამასთან, როდესაც იხსნება, იმავე სეგმენტში თავსდება, სადაც სახურავი.
როდსტერისთვის „ლამბორგინი“ მყიდველს დამატებით საღებავ „აძურო თეტისს“ (ღია ცისფერი) შესთავაზებს, რომელიც პირველად „მიურა როდსტერზე“ 1968 წელს გამოუყენებია. ამასთან, სახურავი შავი ფერისაა. მანქანა ალუმინის ბორბლებზე დგას, რომლებიც ჩვეულებრივზე 10 კილოგრამით მსუბუქია (ოთხივე). წინების ზომა 20 დუიმია, უკანებისა კი - 21.
ავტომობილის მზიდი სისტემა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია. ბაზაში მოთავსებულია 6.5-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავი, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაა. მასთან ერთდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც ოთხივე წამყვანი ბორბალი ღებულობს. გარდა ამისა, ძრავი ცილინდრების დაქტივაციის და სტარტ-სტოპ სისტემებითაა აღჭურვილი, რაც საწვავის დაზოგვასა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებას ემსახურება.
„ლამბორგინის“ ინფორმაციით, როდსტერს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, რაც კუპეს ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 წამით მეტია. მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება ფასს, „ავენტადორ LP700-4 როდსტერი“ 300 000 ევრო ღირს.


No comments:

Post a Comment