Wednesday, November 14, 2012

„იამაჰა R ქარ“ - კონცეპტუალური სუპერქარი სუპერბაიკის სულით


Yamaha R Car is a Design Study for a 'Supercar with a Superbike Soul'
14 ნოემბერი
„იამაჰა“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც შესანიშნავი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია. ბევრმა არ იცის, რომ იაპონური კომპანია მოტორიან ნავებს, ეგრეთ წოდებულ „დასასვენებელ“ მანქანებს, საცურაო აუზის ეკიპირებას და სამრეწველო რობოტებსაც კი აწარმოებს. პრინციპში, მისი ემბლემა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანიას ბევრი ინტერესი გააჩნია - ერთგვარი ბუნიკიანი კამერტონის მსგავსი სამი ელემენტი, სამ ქიმს ქმნის, მათი დაბოლოებები კიდევ სამს. ამგვარად, კომპანია „ყველა მიმართულებას უცქერს“...

და არაა გამორიცხული, რომ მალე „იამაჰას“ ინტერესის სფეროში ავტომობილებიც გამოჩნდეს. სხვათა შორის, კომპანიას ამის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჰქონდა, როდესაც V12 ძრავით აღჭურვილი სუპერ ავტომობილის (OX9911) პროტოტიპები დაამზადა. მაგრამ მაშინ იაპონიას ფინანსური კრიზის დაატყდა თავს და „იამაჰამაც“ ეს პროტოტიპები აღარ განავითარა.
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ „იამაჰას“ ავტოინდუსტრიასთან უფრო რეალური შეხება უფრო ადრეც ჰქონდა - „ტოიოტამ“ მისი მონაწილეობით, 1967 წელს პირველი იაპონური სპორტული ავტომობილი, „ტოიოტა 2000GT“ დაამზადა. გარდა ამისა, „იამაჰამ“ მას შემდეგ, რამდენიმე კომპანიისთვის, რამდენიმე ძრავიც შეიმუშავა, რომელთა შორისაც იყო როგორც ოთხცილინდრიანი, ასევე V8 აგრეგატები. და მათ თავადვე აწარმოებდა.
მთელი ეს ისტორია კი მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ ესპანელმა დამოუკიდებელმა დიზაინერმა ალბერტ როსელომ „იამაჰას“ სახელით, ახალი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი შეიმუშავა. ავტორმა თავის ქმნილებას „იამაჰა R ქარ“ უწოდა და თავის ნამუშევარს ლაკონური განმარტებაც მოაყოლა - „სუპერ ავტომობილი სუპერბაიკის სულით“.
იქვე ნათქვამია, რომ „იამაჰა R ქარ“ 900-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება, მისი წონა კი მხოლოდ 1100 კილოგრამი უნდა იყოს. ჰაერზე ადვილი სათქმელია, რეალობაში კი ასეთი მონსტრი ძრავით აღჭურვილი ავტომობილისთვის მიუღწეველი სიმსუბუქეა. თუმცა, კონცეპტუალურ დონეზე შემუშავებული ავტომობილი ამას „მოითმენს“...

No comments:

Post a Comment