Thursday, November 1, 2012

პატარა „შევროლე მატისი“ „კორვეტის“ V8 ძრავით


Badass Chevrolet Matiz Track Racer with Corvette Z06 7.0-liter V8 up for Sale
1 ნოემბერი
ამასწინათ, „ასტონ მარტინის“ უცნაურ გადაწყვეტილებაზე მოგიყევით, რომელიც ჯუჯა „სიგნიტის“ 5.9-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვას ითვალისწინებს. საოცარია, მაგრამ თურმე, ჯეიმს ბონდის საყვარელ მარკამდე, ასეთი პატარა მონსტრი „შევროლესაც“ შეუქმნია. უფრო სწორედ, „შევროლე მატისის“ ბაზაზე მავანს შეუქმნია.

თუ იცით „შევროლე მატისის“ გაბარიტები, ძალიან გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ მის კაპოტქვეშ შეიძლება ვიღაცას „შევროლე კორვეტის“ 7.0-ლიტრიანი V8 მოეთავსებინა, ძრავი, რომელიც 550 ცხენის ძალამდე ავითარებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი ავტომობილი რეალურად არსებობს. ის გამოცემა „ქარსკუპის“ ერთ-ერთ მკითხველს, „იბეის“ გერმანულ პორტალზე აღმოუჩენია...
ეს საოცარი სარბოლი ავტომობილი, ტუნინგის სპეციალისტ კომპანია „ფურდენ აუტო სპორტს“ შეუქმნია და მასზე სარბოლო ჰომოლოგაციაც მიუღია. კომპანიის დამაარსებელმა ივ ფურდენმა და მისმა კომპანიონებმა, პატარა „მატისი“ პრაქტიკულად ახალი ძარით შემოსეს, რომელსაც გამოკვეთილად აგრესიული და იმავდროულად, აეროდინამიკური ფორმა აქვს.
ავტომობილი დადაბლებული და გაგანიერებულია. ბორბლის თაღები ძლიერ დაიბერა და მათში უზარმაზარი, 18-დუიმიანი ბორბლები მოთავსდა, რომლებიც უპროტექტორო (სლიკ) საბურავებითაა შემოსილი. ამ თაღებს შორის, ჰაერსადინარი არხის მსგავსი ზორბა ღარი გადის, რომელიც უკანა თაღის წინ, ჰაერის ამღებით მთავრდება. წინა სპოილერი ბამპერის სტრუქტურასთანაა გაერთიანებული, მის ძირში კი სპლიტერი მოათავსეს. უკანა ბამპერიც ძალიან გაიზარდა, მის ქვეშ კი დიფუზორის მსგავსი წარმონაქმნი გაჩნდა. უკანა კარზე დიდი ანტი ფრთა დაამაგრეს, რომელიც ალბათ გაცილებით ეფექტური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ სახურავის კიდეს დაეყრდნობოდა.
ყველაზე საინტერესო კი ამ პატარა მონსტრის შესაძლებლობებია. მაგალითად ის, რომ ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს 10.94 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 260 კმ/სთ-ია. თუმცა, ასეთი პატარა ავტომობილისთვის, ეს „მხოლოდ“ კი არა, ბევრიც კია.
თავის დროზე, „ფურდენ აუტო სპორტს“, თავისი ჯუჯა მონსტრი 250 000 ევროდ შეუფასებია, თუმცა წლების განმავლობაში, მისი ფასი 40 000 ევრომდე შემცირებულა...

No comments:

Post a Comment