Thursday, November 1, 2012

„მუსტანგ კობრა ჯეტ კონცეპტი“ - პონი წყვილტურბოიანი ეკობუსტით


New Ford Mustang Cobra Jet Concept Sports Twin-Turbo 5.0-liter EcoBoost V8
1 ნოემბერი
სისტემა „ეკობუსტი“ მალე „ფორდის“ მთავარი საფირმო ნიშანი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ის უკვე ამერიკული კომპანიის თითქმის მთელს სამოდელო გამას „მოედო“. ამის დასტურია ლას ვეგასის გამოფენა SEMA-ზე წარდგენილი კონცეპტუალური „მუსტანგ კობრა ჯეტი“, რომელიც 5.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 ეკობუსტითაა აღჭურვილი.

ჩვეულებრივ „მუსტანგ კობრა ჯეტს“ მამოძრავებელ ძალას 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი ანიჭებს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ატმოსფერული, ასევე მექანიკურ დამჭირხნიანი. ასეთი ავტომობილი პოპულარულია დრეგ რბოლებში. მაგრამ „ფორდის“ სპორტულმა შტომ გადაწყვიტა, რომ ავტომობილი წყვილი ტურბო კომპრესორით და ტექნოლოგია ეკობუსტითაც აღეჭურვა.
ცისფერი ოვალის მოტორსპორტის დივიზიონში ამბობენ, რომ მექანიკური დამჭირხნი საჭირო სიმძლავრის მატებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს, მაგრამ დამჭირხნის მუშაობას, თავის მხრივ, ძრავისგან ენერგია მიაქვს. განსაკუთრებით საგრძნობი ეს მაშინაა, როდესაც მისგან საწვავი ნარევის მაღალი წნევით ჩაბერვაა საჭირო. მაგალითად, 2.9-ლიტრიანი დამჭირხნი, რომელიც სტანდარტულ „კობრა ჯეტზეა“ დაყენებული, დაახლოებით 100 ცხენის ძალა სიმძლავრეს შთანთქავს.
ამ ნაკლისგან აბსოლუტურად ტავისუფალია ტურბოძრავი, რომელიც ძრავისგან მექანიკურ ენერგიას კი არ მოიხმარს, არამედ გამობოლქვილი აირის ენერგიაზე მუშაობს. თანაც, რაც მეტია ჩაბერვის წნევა, მით მეტი ენერგია გამოაქვს გამობოლქვილ აირს, რომელიც ამ ენერგიას ისევ ძრავს ახმარს. მაგრამ ტურბინას ერთი სერიოზლი მინუსი აქვს - პედალზე რეაგირებას აგვიანებს.
„ფორდს“ ტურბოდამჭირხნების კონსტრუქციების განყოფილების გამომშვები ინჟინერი დეივ ბორნი ამბობს, რომ ამ არასასურველი ეფექტის შესამცირებლად, მისმა ჯგუფმა შეძლებისდაგვარად მცირე ზომის ორი ტურბო კომპრესორი გამოიყენა, რომელთა დახმარებითაც, ძრავის აქსელერატორზე რეაგირება უფრო მკვეთრი და მყისიერი ხდება. კომპრესორის კომპაქტურობის წყალობით, შემცირებულია როგორც ინერციულობა, ასევე ხახუნი. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აგრეგატის ელასტიურობა (არა სტრუქტურული, არამედ დინამიკური).
ლას ვეგასში „ფორდს“ თავისი კონცეპტუალური „რეაქტიული“ „მუსტანგ კობრას“ ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. არც ის უთქვამს, წყვილ ტურბოკომპრესორიანი „მუსტანგ კობრა ჯეტის“ წარმოებას აპირებს, თუ არა. სამაგიეროდ, ავტომობილი ამერიკული კომპანიის ახალ სარბოლ ფორმაშია გამოწყობილი, რომლის მთავარი ამოსაცნობი ნიშანიც, შავ-ცისფერი ზოლია, რომელიც მანქანას სიგრძეზე - წინა ბამპერიდან უკანამდე გაუყვება.

No comments:

Post a Comment