”კოკა-კოლა” ფორმულა 1-ში
Formula 1
16 ივნისი
თურქეთის დიდი პრიზის შემდეგ, კულუარებში ფორმულა ერთით ”კოკა-კოლას” დაინტერესების შესახებ ალაპარაკდნენ. ეს კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თურქული ეტაპის დროს, საპატიო სტუმრების ლოჟაში, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერის ახალი მთავარი აღმასრულებელი მუჰტარ კენტი იმყოფებოდა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქული წარმოშობის კენტი ფორმულა 1-ის მოყვარულია. ის ამერიკაში დაიბადა და განათლებაც იქ მიიღო, თუმცა კოლეჯის დასრულების შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა და თავისი მშობლების ქვეყნის ჯარში იმსახურა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდა და მუშაობა ”კოკა-კოლას” დისტრიბუტორად დაიწყო. კომპანიაში მან თითქმის ყველა საფეხური განვლო, 1985 წელს კი თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში ”კოკა-კოლას” გენერალური მენეჯერი გახდა. სამი წლის შემდეგ, მას ”კოკა-კოლა ინტერნეიშნლის” პოსტი ჩააბარეს, რომელიც 17 წელი ეკავა.
1999 წელს კენტმა კოკა-კოლა” ცოტა ხნით დატოვა და თურქულ კონგლომერატ ”ეფეს ბევერაჟის” მთავარი აღმასრულებელი გახდა. 2005 წელს კი კვლავ ამერიკულ კომპანიას დაუბრუნდა, რომელშიც შარშან მთავარი აღმასრულებლის პოსტი ჩააბარეს.
”კოკა-კოლა” ავტოსპორტში საკმაოდ აქტიურად სპონსორობს, მაგრამ ფორმულა 1-ში არასდროს გამოჩენილა. ოთხი წლის წინ, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, ”კოკა-კოლა” მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობით დაინტერესდა, მაგრამ ეს ხმები ხმებადვე დარჩა.
მართალია, ”კოკა-კოლას” მარკეტინგის შეფი ფილიპ ბოძენტა ამ ხმებს უარყოფს, მაგრამ თავადვე დასძინა - იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მომავალშიც არ გვექნებაო.
ცნობისათვის, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთაგან, დღეს ფორმულა 1-ში ინტერესი მხოლოდ ავსტრიულ ”რედ ბულს” აქვს, რომელსაც დიდი პრიზების ცირკში ორი გუნდი - ”რედ ბული” და ”სკუდერია ტორო როსო” ეკუთვნის.
სურათზე: მუჰტარ კენტი (სახით ჩვენსკენ) ფ1-ის იმპრესარიო ბერნი ეკლსტოუნს ემასლააფება.
No comments:
Post a Comment