”პორშემ” თავისი ისტორია DVD-ზე გადაიტანა
Porsche
16 ივნისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”პორშემ” თავისი ისტორიის ამსახველი კადრები დოკუმენტურ ფილმად დაამონტაჟა, რომლის ხანგრძლივობაც ორსაათნახევარია. ფილმს ”პორშეს გზა” ეწოდება და გერმანულის გარდა, ის ინგლისურადაცაა გახმოვანებული. ფილმისთვის სპეციალურად დაიწერა მუსიკა.
”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტომწარმოებელმა თავისი ისტორია DVD დისკზე ჩაწერა და მას თავის ენთუზიასტებს შესთავაზებს”, - ამბობს ”პორშეს” არქივის დირექტორი დიტერ ლანდენბერგერი.
პრეს რელიზი გვამცნობს, რომ ფილმი ფერდინანდ და ფერი პორშეს და მათი კომპანიის მიღწევების ჩამოთვლით იწყება. ის რვა თავისგან შედგება, თითოეულში კი თითო ათწლედზეა მოყოლილი.
ფილმის დასამონტაჟებლად, მისმა ავტორებმა არქივში დაცული მასალა გამოიყენეს, რომლის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 5 000 საათია. მასში გამოყენებულია ისეთი კადრებიც, რომლებიც არასდროს და არავისთვის უჩვენებიათ. ფილმში მოთხრობილია იმ პიროვნებებზეც, რომლებმაც თავიანთი კარიერა მთლიანად ”პორშეს” დაუკავშირეს. ესენი არიან: ავტომრბოლები ჰანს ჰერმანი, ებერჰარდ მალე და პაულ ერნსტ შტრალე, ასევე ”ძრავების მეფის” მეტსახელით ცნობილი ჰანს მეცგერი.
DVD დისკებზე ჩაწერილი ”პორშეს” ისტორია კომპანიის მუზეუმში 24.90 ევროდ გაიყიდება.
No comments:
Post a Comment