მოსლი ფორმულა 1-ის დანაწევრებას გამორიცხავს
Formula 1
20 ივნისი
სილვერსტოუნზე დიდი რბოლის დღეებია, სახელოვანი ავტოდრომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამეფო საჰაერო ძალების ბაზა იყო და რომელმაც 1950 წელს ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლა, უკანაკნელად (ბერნი ეკლსტოუნის მიერ გამოტანილი განაჩენით) მიიღებს დიდი პრიზების ქარავანს.
მაგრამ ამის მიუხედავად, პადოკში სალაპარაკო მთავარი თემა სილვერსტოუნის ბედი კი არა, არამედ მთლიანად ფორმულა 1-ის მომავალია. გუნდები ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებით იმუქრებიან, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) და მისი პრეზიდენტი მაქს მოსლი (სურათზე) კი ყურებს არ იბერტყავენ და დარწმუნებით აცხადებენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფრი მოგვარდება.
ისე, მოსლის ვერც გაამტყუნებ, მას და მის მეგობარ ეკლსტოუნს, ვინც ფორმულა ერთის კომერციულ უფლებებს განაგებს, მსგავსი კულუარული ბრძოლების უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და თითქმის ყოველთვის აღწევენ სასურველ მიზანს.
გუშინ, დღის დასაწყისში, მოსლის სახეზევე ეტყობოდა დაძაბულობა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, ხასიათი გამოუკეთდა და ჟურნალისტებზეც ”მოუბრუნდა გული”. ყოველივეს კი თავისი მიზეზები აქვს: დღის დასაწყისში, ბევრი ლაპარაკობდა მოსლის გადადგომის აუცილებლობაზე, მაგრამ ბერნისთან ერთსაათიანი ბაასის შემდეგ, მან პირდაპირ განაცხადა, რომ გადადგომაზე არც ფიქრობს. უფრო მეტიც, ფორმულა ერთი ორ ბანაკად არავითარ შემთხვევაში არ გაიყოფაო - დაამშვიდა ჟურნალისტები.
”ასეთი დაძაბული ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივი კომპრომისით მთავრდება ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება, რადგან ისინი თავს იმის უფლებას ვერ მისცემენ, რომ ფორმულა ერთზე უარი თქვან. არც ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის მათ გარეშე ჩატარება”, - ბიბისის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა მოსლიმ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში, ფორმულა ერთს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს რომელიმე ავტოკომპანიის საქარხნო გუნდი, ამის მიზეზი კი ფინანსური კრიზისი იქნება.
”წასულ გუნდებს ახლები შეავსებენ, მაგრამ ტრადიციული გუნდები, მათ შორის ”ფერარიც”, აუცილებლად უნდა დარჩნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არსად წავლენ. ყველაფერი მოგვარდება”, - მოსლის ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, გუშინ FIA-მ ”ფერარის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც იტალიურ საჯინიბოს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს.
”ზოგიერთივით, მე ამ სიტუაციაში ზედმეტად სულაც არ ვნერვიულობ, ღამეებს არ ვათენებ. გარწმუნებთ, გარკვეული დროით ეს თამაში და პოზიორობა გაგრძელდება, მაგრამ მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველაფერი სპორტის სასარგებლოდ მოგვარდება. პირველ ეტაპზე ყველას სასტარტო რიგში იხილავთ. მსგავსი სიტუაცია 1981 წელსაც შეიქმნა. მაშინ მე და ბერნიმ ახალი სერია შევქმენით, მოტორსპორტის მსოფლიო ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ, კალენდარი შევადგინეთ და ფედერაციის განცხადებით, პირატული რბოლაც ჩავატარეთ. მაგრამ საბოლოოდ, ფედერაციასთან პრობლემა მაინც მოგვარდა და ყველა მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა. ჩვენ გაცილებით შორს წასვლა შევძელით, თუმცა საბოლოოდ მაინც ფ1-ში დარჩენა გადავწყვიტეთ”, - ამბობს მოსლი, ვისაც პრეზიდენტობის ვადა წელს გასდის, თუმცა პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას მაინც აპირებს და სჯერა, რომ კვლავ პრეზიდენტი გახდება.
”პრობლემა ჩემში არაა. ნებისმიერს, ვინც ამ ადგილზე მოვა, იგივე პრობლემები დახვდება. უბრალოდ, მათ (გუნდებს გულისხმობს) ყველაფრის თავის ხელში აღება სურთ. თუ ეს შეძლეს, შემდეგ ბერნის მიადგებიან და მის უფლბებსაც დაეპატრონებიან. მათ ფედერაციასთან აქვთ საქმე და არა რომელიმე პიროვნებასთან. მაგრამ ისინი მიზან ვერ მიაღწევენ”, - ირწმუნება მოსლი.
ჰო მართლა, მომავალი სეზონის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიის გამოქვეყნება მოსლიმ გაურკვეველი ვადით გადადო...
No comments:
Post a Comment