სწრაფი ფუფუნება
Fornasari
20 ივნისი
ასეთი დევიზი ამოძრავებს პატარა იტალიურ კომპანია ”ფორნაზარის”, რომელიც შეკვეთებით სპორტულ, მათ შორის, უგზოობის ავტომობილებს აწარმოებს. მისი კიდევ ერთი დევიზი შემკვეთის ნებისმიერი სურვილის ასრულებაა. ”ფორნაზარის” ავტომობილები ყოველთვის გამოირჩევა მდიდრული ინტერიერითა და სპორტული ნირით, არცთუ ისე იშვიათად კი კომპანია რალი რეიდებისთვისაც ამზადებს სარბოლ ტექნიკას, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს გამოცდების ჩაბარება.
”ფორნაზარის” მორიგი ნამუშევარიც კომპანიის დევიზს მიჰყვება - ის სწრაფიცაა, უგზოობაშიც შეუძლია გადაადგილება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავის მგზავრებს კომფორტითაც უზრუნველყოფს. ავტომობილს ”რეისინგ ბაგი” ჰქვია. სახელიდანაც ჩანს - მანქანა სარბოლი ბაგის (RR600) შასიზეა აწყობილი, რომელზეც მთლიანობაში 450 მეტრი, სხვადასხვა განივკვეთის მქონე ფოლადის მილია გამოყენებული და რომელიც 150 კილოგრამს იწონის. მის მოძრაობას ”შევროლე კორვეტისეული” 7-ლიტრიანი V8 უზრუნველყოფს, რომელიც 610 ცხენის ძალასა და 748 ნიუტონმეტრს იძლევა. მაბრუნი მომენტის 60%-ს სრულამძრავიანი ტრანსმისია უკანა ბორბლებს აწვდის.
”რეისინგ ბაგის” შემხედვარე, ბედუინი თავის აქლემს ამ მონსტრში ნამდვილად გაცვლიდა. მითუმეტეს, თუ გაიგებდა, რომ სანაცვლოდ მიღებული ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.8 წამში იღებს. ამ მაჩვენებლით, ”ფორნაზარის” ბაგი ტოლს არ უდებს ”შევროლე კორვეტს”. არადა, მას უგზოობისთვის შესაფერისი საკიდარი და ფოლადის მილებისგან შეკრული, საკმაოდ მძიმე შასი აქვს.
ავტომობილი ზორბა გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5.20, სიგანე 2.15, სიმაღლე კი 1.85 მეტრია და 1 600 კილოგრამს იწონის. სალონი ხუთ ადამიანზეა (მძღოლიანად) გათვლილი და მდიდრულადაა გაწყობილი.
”ფორნაზარი” აცხადებს, რომ ”რეისინგ ბაგის” მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ავტომობილის საბაზო ღირებულება 80 000 ევროა. თუმცა, ფასი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. გააჩნია, რას შეუკვეთავს მყიდველი. როდის დაიწყება ამ მონსტრის წარმოება და რამდენის დამზადებას აპირებს, ამის თაობაზე ”ფორნაზარი” ჯერჯერობით სდუმს და გვპირდება, რომ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მალე, ოფიციალურ პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებს.
No comments:
Post a Comment