Saturday, June 13, 2009

”ბუგატი ვეირონზე” სწრაფი პირველი თაობის ”გოლფი”

13 ივნისი

ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველი თაობის ”ფოლკსვაგენ გოლფით”, რომელიც მეორადი ავტომობილების ბაზარზე 50 გირვანქა სტერლინგადაა შეძენილი, სუპერავტომობილ ”ბუგატი ვეირონის” უკან მოტოვება იქნებოდა შესაძლებელი? მაგრამ, ხანდახან შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება ხოლმე.

ამჰერად, შეუძლებლის შემძლებლად 42 წლის ბრიტანელი ენდი უაიტი მოგვევლინა, ვისაც პატარა ქალაქ ნიუმარკეტში მანქანების საკუთარი სახელოსნო აქვს. მან 1979 წელს გამოშვებული ”გოლფი”, რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, 50 გირვანქა სტერლინგად შეიძინა და სარბოლ დრეგსტერად გადააკეთა, რაზეც დაახლოებით 60 000 სტერლინგი დახარჯა. ძველი ავტომობილის მოდერნიზაციის დროს, მან ძარა დამატებითი უსაფრთხოების კარკასით გააძლიერა, მთლიანად შეცვალა საკიდარი, სტანდარტული ძრავი კი 1.850-ლიტრიანი ტურბოაგრეგატით შეცვალა, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალას აღწევს.

უაიტი ამბობს, რომ მის მიერ მოდიფიცირებული ”გოლფის” მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ-ს აღწევს, თუმცა 250 კმ/სთ-ზე ზემოთ, მისი მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თავისი მონსტრით უაიტმა უკვე მოასწრო ნორთჰემპტონშირში დრეგსტერების რბოლის მოგება. თანაც, მისმა ავტომობილმა ბრწყინვალე ტემპერამენტი გამოავლინა - 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მან 2.36 წამში მოასწრო. ეს კი წამის მეათედით ნაკლებია ”ბუგატი ვეირონის” სიჩქარეზე.

ყველაფერი კარგი, მაგრამ უაიტი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მას თავისი ავტომობილის კიდევ ერთხელ მოდიფიცირება აქვს გადაწყვეტილი, რის შემდეგაც, მისმა ”გოლფმა” 402-მეტრიანი დისტანცია 9 წამში უნდა გაიაროს. ამასთან, ენთუზიასტი ირწმუნება, რომ ამ ავტომობილით საერთო სარგებლობის გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ”დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ეს ჩვეულებრივი ავტომობილია, მაგრამ როცა ის ტრასაზე გამომყავს, ნამდვილ მონსტრად გადაიქცევა ხოლმე”, - ამბობს უაიტი (სურათზე თავის შედევრთან ერთად).

No comments:

Post a Comment