Saturday, June 13, 2009

”ბრაუნ GP” ძველ ბოლიდებს ჰყიდის

13 ივნისი

მიმდინარე სეზონში, ”ბრაუნ GP-ის” ბოლიდები ტრასებზე აბსოლუტური დომინანტები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდი მაინც მომჭირნედ არსებობას განაგრძობს, რაც სპონსორების ნაკლებობის ბრალია. ჰოდა, ფინანსების ნაწილობრივ შევსების მიზნით, მისმა ხელმძღვანელობამ აუქციონზე გუნდის წინამორბედი ”ჰონდას” და ”ბრიტიშ ამერიკენ რეისინგის” 2001-2006 წლების რამდენიმე ბოლიდის გაყიდვა გადაწყვიტა.

”მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ფანებსა და კოლექციონერებს სასურველი ბოლიდების შეძენის საშუალება მიეცემათ”, - ამბობს ”ბრაუნ GP-ის” მთავარი აღმასრულებელი ნიკ ფრაი.

აუქციონი 25 ივლისს ავტოდრომ ”სილვერსტოუნზე”, კლასიკური ისტორიული მანქანების ტრადიციული რბოლის დღეს გაიმართება, მისი ორგანიზატორი კი არის კომპანია ”ბონჰემს მოტორინგი”.

”ფორმულა ერთის გუნდებს წლების განმავლობაში, არაერთი გამოუსადეგარი სარბოლი ავტომობილი უგროვდებათ, რომლებიც დროდადრო აუქციონზე გამოაქვთ, ვფიქრობთ, ”ბრაუნ GP-მ” აუქციონისთვის კარგი დრო შეარჩია - წარმატებული გუნდის მანქანების შეძენას ბევრი მოინდომებს”, - ამბობს ”ბონჰემს მოტორინგის” საერთაშორისო საქმეთა მმართველი დირექტორი ჯეიმს ნაიტი.

აუქციონზე გასაყიდი ყველა ბოლიდი არასრულადაა დაკომპლექტებული. მათზე არ იქნება ძრავები და მოძრაობისთვის აუცილებელი სხვა ელემენტები. სამაგიეროდ, საკოლექციო გარაჟებისთვის ისინი იდეალური დანამატი იქნება. ბოლიდების საწყისი ფასები 7 000-22 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.

ავტომობილების გარდა, აუქციონზე ასევე გაიყიდება 100-ზე მეტი ლოტი, რომლებშიც სარბოლი ბოლიდების ნახმარი ნაწილები და გუნდის სუვენირები შევა.

No comments:

Post a Comment