Saturday, June 13, 2009

”აუდი” ჰიბრიდულ Q5-ს 2011-ში გამოუშვებს

Audi Q5 Hybrid

13 ივნისი

თანამედროვე ავტოინდუსტრიის მთავარი თემა, გლობალური კრიზისის გარდა, ეკოლოგიური ავტომობილებიცაა. დღეს ამ ტრენდს თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი მისდევს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც ”აუდია”, რომელმაც განსაკუთრებულ წარმატებებს დიზელის ძრავების წარმოებაში მიაღწია, ახლა კი ჰიბრიდულსა და ელექტრულ ტექნოლოგიებსაც ინტენსიურად ითვისებს.

ახლახანს, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ორი წლის შემდეგ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი უგზოობის კომპაქტური მოდელის, Q5-ს წარმოებას დაიწყება და მას პირველ რიგში, აშშ-ის ბაზარზე შეიტანს, სადაც ასეთ ავტომობილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა.

”აუდის” ჰიბრიდული აგრეგატი ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის კომბინირებულად გამოყენებას ითვალისწინებს. რამდენადაც, Q5-ში A4 და A5 სედანების ბევრი ელემენტია გამოყენებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Q5-ზე გამოყენებულ ჰიბრიდულ აგრეგატს მომავალში ეს ავტომობილებიც მიიღებენ.

ევროპული ბაზრისთვის, ”აუდი” აქცენტს დიზელის აგრეგატებზე აკეთებს, მაგრამ ამერიკისთვის იგივე სტრატგია არ გამოადგება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროპაში საწვავი გაცილებით ძვირია და ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასებიც მცირედ განსხვავდება. ამერიკაში კი დიზელისძრავიანი ავტომობილები ნაკლებად პოპულარულია.

სამაგიეროდ, ოკეანის გადაღმა ჰიბრიდული ავტომობილები უკვე ძალიან პოპულარულია. სმერიკული ბაზარი კი იმდენად დიდა, რომ მისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება ”აუდის” უღირს.

ეკოლოგიაზე ზრუნვას გერმანული კომპანია სხვა კუთხითაც ავლენს. კერძოდ, ამ ეტაპზე, მისი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ავტომობილების წონის მაქსიმალურად შემცირებაა. ჰიბრიდული ტექნოლოგიების ათვისების შემდეგ კი ელექტრომობილების ჯერი დადგება.

No comments:

Post a Comment