ახალზელანდიური კომპანია სამ ახალ ავტომობილს გამოუშვებს
Hulme supercar
15 ივნისი
თუ თქვენ საერთო სარგებლობის გზებისთვის მისადაგებული სარბოლი ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, დიდი არჩევანი გასაკეთებელი არ გექნებათ - მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეთ ავტომობილებს სერიულად მხოლოდ ორი პატარა კომპანია - ავსტრიული KTM (მოდელი X-ბოუ) და ინგლისური ”კაპარო” (მოდელი T1) აწარმოებს. მალე მათ გზას ”პორშე” დაადგება, თუმცა მანამდე იგივეს ახალზელანდიური ”ჰალმ სუპრქარზი” გეგმავს.
ახალი ზელანდია არც განვითარებული ავტოინდუსტრიით გამოირჩევა და არც ავტოსპორტის მექად, თუმცა ამ ქვეყანას საამაყოდ აქვს ის ფაქტი, რომ იქაურმა დენის ჰალმმა 1967 წელს ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. სწორედ მის საპატივცემულოდ, სუპერვტომობილების მწარმოებელ პატარა კომპანიას ”ჰალმი” ეწოდა.
უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ჰალმ სუპრქარზი” თავის პირველ ავტომობილს წარმოებისთვის ამზადებს. წელს, როგორც იქნა, პირველი საცდელი პროტოტიპის დამზადება მოხერხდა, რომელიც მედიის წინაშე ღირსეულად წარსდგა. დღეს კი პროექტის მთავარი ინიციატორი და დამფინანსებელი, ახალზელანდიელი ჯოკ ფრიმენტლი გვპირდება, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მყიდველს ერთბაშად რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს.
მისი თქმით, ”ჰალმ სუპრქარზი” წარმოებისთვის სამ ავტომობილს ამზადებს, რომლთაგან ერთის სახელად ”კან ამ-ი” შეირჩა. ამ სახელით, კომპანია ისევდაისევ დენის ჰალმის სახელოვან კარიერას მოგვაგონებს, რომელსაც კანადა-ამერიკის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული.
ამ ავტომობილისთვის ”ჯენერალ მოტორსის” LS7 V8 ძრავი შეირჩა, რომელიც, მართალია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით არ გამოირჩევა, მაგრამ სუპერავტომობილისთვის საჭირო ცხენის ძალებს მაინც იძლევა და მთავარი სწორედ ესაა. 600 ცხენის ძალა ავტომობილისთვის, რომელიც დაახლოებით 1 000 კილოგრამს იწონის, საკმაოდ ბევრია და იმის გარანტიას იძლევა, რომ მძღოლი მისი მართვით დიდ სიამოვნებას მიიღებს. და ვისაც ეს არ ეყოფა, სამომავლოდ ტურბოკომპრესორიან ძრავს (იმავე LS7-ს) შესთავაზებენ.
ფრიმენტლი ამბობს, რომ ავტომობილის მართვის სისტემა, ტრანსმისია და საკიდარი არანაირ დამხმარე სისტემებს არ მიიღებს. ასე რომ, ”ჰალმ კან ამ-ის” მძღოლს მის ცხენის ძალებთან პირისპირ დარჩენა და გამკლავება მოუწევს, რაც ადრენალინის მოზღვავების საუკეთესო საშუალებაა.
დანარჩენი ორი მოდელისთვის სახელებად ”სპაიდერი” და F1 შეირჩა. ამ ავტომობილების აღჭურვილობის შესახებ, ”ჰალმ სუპერქარზი” ჯერ არაფერს ყვება. თუმცა ცნობილია, რომ ამ ავტომობილებისთვის სულ სხვა ძრავებს გამოიყენებენ. ამასთან დაკავშირებით, ”ჰალმ სუპერქარზი” მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს, რომელთაგან ორი ფორმულა 1-ის ძრავებს აწარმოებს.
სპაიდერის შექმნა მერმის უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს ავტომობილიც ”კან ამ-ის” შასიზე აიწყობა, თუმცა მისგან განსხვავბით, საქარე მინა, სხვა აეროდინამიკური პაკეტი და შეცვლილი უკანა ნაწილი ექნება. რაც შეეხება ”ჰალმ F1-ს”, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ამ ულტრაექსტრემალური ავტომობილის წარმოება. ფრიმენტლის თქმით, ეს იქნება მთლიანად დახურული, ორადგილიანი ავტომობილი.
ფასები სამივე ავტომობილისთვის ჯერ დაუზუსტებელია. თუმცა ფრიმენტლი ვარაუდობს, რომ ”კან ამ-ი”, რომლის ევროპული დებიუტი მერმის იგეგმება, დაახლოებით 280 000 ევრო ეღირება. ამ ეტაპზე, ახალზელანდიურ კომპანიას უკვე მომზადებული აქვს ”კან ამ-ის” პროტოტიპი, რომელმაც ევრპაში სერტიფიკატი უნდა მიიღოს. მოგვიანებით კი, თუ ავტომობილი ძველ კონტინენტზე პოპულარული გახდება, მას აშშ-შიც შეიტანენ.
No comments:
Post a Comment