”ბუგატი სტრატოსი” - ბრუნო დელუსუს საავტომობილო დიზაინის შედევრი
26 ივნისი
აბა, სცადეთ და ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს შეადარეთ. მსგავსება თუ იპოვნეთ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ ფრანგმა დიზაინერმა ბრუნო დელუსუმ განაცხადა, როცა კონცეპტუალურ ”ბუგატი სტრატოსს” (ზედა სურათებზე - carscoop-დან აღებული ფოტოები) ვქმნიდი, შთაგონების წყაროდ ”ბუგატი ტაიპ 57 ატლანტიკი” (საყოველთაო აღიარებით, ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ავტომობილი) გამოვიყენეო.
უფრო მეტიც, დიზაინერი დასძენს, რომ თავისი რეტრო-ფუტურისტული კონცეპციის წინა ნაწილი კიდევ ერთი ლეგენდარული ავტომობილის - ”ალფა რომეო 6C 2500 მილე მილიას” (ქვემოდან მეორე სურათზე) სტილში შეასრულა. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ წარსულის ამ ორი ავტომობილის ერთგვარი ნაზავი პირველად პატარა გერმანულმა კომპანია ”ვისმანმა”, თავისი ექსკლუზიური სუპერავტომობილის, ”ბეემვეს” ძრავიან როდსტერ MF4-ს (ქვემოდან მესამე სურათზე) სახით შემოგვთავაზა.
ფრანგი გრაფიკოსი დიზაინერი ამბობს, რომ ”სტრატოსი” მხოლოდ თავისი ფანტაზიის გამოსახატად შექმნა და მასში არანაირი ტექნიკური, ან ტექნოლოგიური ასპექტი არ გაუთვალისწინებია. მისი თქმით, ტექნოლოგიური მოთხოვნები თითქმის ყოველთვის ზღუდავენ დიზაინერებს და საბოლოო პროდუქტიც ისეთი ვერ გამოდის, როგორსაც ხელოვანი ისურვებდა. ამჯერად კი მან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იმუშავა და ალბათ არ დამძრახავთ, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილი შედევრი შექმნა. ამით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საავტომობილო დიზაინში ფანტაზიის წყარო ამოუწურავია.
(მომზადებულია ბლოგ carscoop.blogspot.com-ის მიხედვით)
No comments:
Post a Comment