”რიკარდო” ჩინელებისთვის 8-საფეხურიან კოლოფს ამზადებს
26 ივნისი
ბრიტანულმა კომპანია ”რიკარდომ” გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს ჩინურ ”ვეიფან შენრუი პოვერ მეშინერი ტექნოლოჯისთან”, რისი მიზანიც 8-საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფის წარმოებაა. პარტნიორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოლოფები ტექნოლოგიურად კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების ანალოგიურ სატრანსმისიო აგრეგატებს.
ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ერთადერთი კომპანია, რომელიც თავის ავტომობილებზე 8-საფეხურიან კოლოფებს იყენებს, ”ლექსუსია”. ამ კოლოფებით იაპონური კომპანიის მოდელები - LS, GS 460 და სპორტული სედანი IS-F-ია აღჭურვილი. რაც შეეხება ”ბეემვეს”, ”აუდის” და ”მერსედეს-ბენცს”, ისინი კომპანია ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი კოლოფების (სურათზე) გამოყენებას მალე დაიწყებენ, ოდნავ მოგვიანებით კი მათ ”ჰიუნდაის” პრემიუმ ბრენდი ”ჯენეზისიც” შეუერთდება.
”რიკარდომ” და ”ვეიფან შენრუიმ” თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, თუ რომელი ჩინური ავტომწარმოებლები მიიღებენ ერთობლივი პროექტით წარმოებულ კოლოფებს. როგორც მაკომპლექტებლების მწარმოებელს, ”ვეიფან შენრუის” ამ აგრეგატის ნებისმიერი ჩინური (და უცხოური) კომპანიისთვის მიწოდება შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე, მსგავსი სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს. ერთი რამ აშკარაა - რვასაფეხურიანი კოლოფი ის ლოკომოტივი შეიძლება გახდეს, რომელიც ჩინური ავტომობილების ავტორიტეტს აამაღლებს. საინტერესოა ისიც, რომ ახალი კოლოფი სრულამძრავიან ტრანსმისიებთან და ჰიბრიდულ სისტემებთან სრულიად თავსებადი იქნება.
ცნობისათვის, ”რიკარდო” სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილი სატრანსმისიო სისტემების წარმოებითაა ცნობილი. კომპანია ხშირად დიდ ავტომწარმოებლებთან, ახალი სატრანსმისიო სისტემების შექმნის პროცესშიც მონაწილეობს. ასევე, მისი ინჟინრების მიერაა დამზადებული ისეთი პოპულარული ავტომობილის კოლოფი (7-საფეხურიანი, ორდისკოიანი გადაბმულობის ქუროთი), როგორიც ”ბუგატი ვეირონია”.
No comments:
Post a Comment