”ტოიოტა პრიუსის” გაყიდვები იზრდება
26 ივნისი
როცა ”ტოიოტა” ახალი, მესამე თაობის ჰიბრიდული ”პრიუსის” გაყიდვას იწყებდა, მისი მიზანი პირველ წელს 10 000 ცალი ავტომობილის რეალიზება იყო. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, თუ გაყიდვების დაწყებიდან ნახევარ წელიწადში, კომპანია ამ ავტომობილზე 180 000-ზე მეტ შეკვეთას მიიღებდა. ამ შეკვეთების დიდი უმეტესობა კი იაპონელ (და არა ამერიკელ) მყიდველზე მოდის, რასაც ”ტოიოტას” მარკეტოლოგები ვერაფრით წარმოიდგენდნენ.
ასეა თუ ისე, ”ტოიოტა პრიუსი” იაპონიაში, ყველა ტიპის ავტომობილებს შორის, გაყიდვების მხრივ პირველ ადგილს ინარჩუნებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კარგა ხანს, ბესტსელერის საპატიო წოდებას არავის დაუთმობს. თვით ჰიბრიდული ”ჰონდა ინსაითიც” კი, რომელმაც ამ წლის დასაწყისში, ბევრისთვის მოულოდნელად, ”პრიუსს” აჯობა (გაყიდვების რაოდენობით), ახლა ამ ავტომობილის ჩრდილში იმყოფება. არადა, ”ინსაითი” 19 700 დოლარი ღირს, ”პრიუსი” კი - 20 900. თუმცა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, უკეთესი ეკონომიურობა მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებს იაპონიის მთავრობა გადასახადებისგან მთლიანად ათავისუფლებს, რამაც ქვეყანაში ჰიბრიდულ ავტომობილებზე ნამდვილი ბუმი გამოიწვია. პარალელურად, იაპონიაში, ისევე როგორც აშშ-ში, მოქმედებს ძველი მანქანების თავიდან მოშორების მოქნილი სისტემა, რომელიც, ახალი მანქანის მყიდველს, რომელიც იმავდროულად, სადილერო პუნქტს 13 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილს ჩააბარებს, ამ აქციის ხაზით 2 500 დოლარის შეღავათს მიიღებს. თუ ახალ ავტომობილს არ ყიდულობს და ისე აბარებს ძველს, მაშინ სახელმწიფო მხოლოდ 1 000 დოლარს უხდის.
საინტერესოა ისიც, რომ ახლის პარალელურად, ”ტოიოტა” ძველი ”პრიუსის” წარმოებასაც აგრძელებს, რომელზეც ასევე მზარდი მოთხოვნაა დაფიქსირებული. უფრო მეტიც, ამერიკაში გაცილებით მეტი ძველი ”პრიუსი” იყიდება, ვიდრე ახალი. მაგალითად, წინა თვეში იქ მხოლოდ 700 ახალი ”პრიუსი” გაიყიდა, როცა ძველს 10 091 მყიდველი გამოუჩნდა. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ ამერიკულ ბაზარს ახალი ავტომობილი ჯერაც შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება (იმიტომ, რომ კომპანია იაპონიაში მოთხოვნას ვერ აუდის).
No comments:
Post a Comment