Monday, June 8, 2009

რუსებს ”ოპელის” ნოუ-ჰაუ იზიდავს

8 ივნისი

რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ”ოპელის” შეძენის შემდეგ, რუსული ავტოინდუსტრიისთვის უახლესი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება და ეს რუსულ ავტომწარმოებელ GAZ-ს გაჭიანურებული კრიზისიდან გამოიყვანს.

შეგახსენებთ, რომ კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლის” გარდა, ”ჯენერალ მოტორსისგან” ”ოპელის” გამოსყიდვაში მონაწილეობა რუსულმა ბანკმა ”სბერბანკმა” და ავტომწარმოებელმა GAZ-მაც მიიღეს. ამ ორიდან ”სბერბანკი” აქციების 35 მიიღებს, GAZ-ი კი გერმანული კომპანიის ინდუსტრიული პარტნიორი გახდება.

ბევრი მიმომხილველი, გარიგებაში რუსული მხარის მონაწილეობის ლოგიკას უცნაურად მიიჩნევს. მათ ვერ გაუგიათ, თუ როგორ გამოიყენებს შეძენილ აქციებს ”სბერბანკი”. ქვეყნის პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე იგორ შუვალოვი კი აცხადებს, რომ ამ გარიგებით, რუსული სახელმწიფო კომპანი(ებ)ისთვის, ”ოპელის” უახლესი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება, რაც რუსულ ავტოწარმოებას ძლიერ გამოადგება.

”ჩვენთვის ”ოპელში” ყველაზე საინტერესო მისი უახლესი ტექნოლოგიებია, რომელთა ბაზაზეც, რუსულ კომპანიებს საკუთარი ნოუ-ჰაუს შექმნის და ავტოინდუსტრიის ფეხზე დაყენების შანსი უჩნდებათ”, - ამბობს შუვალოვი.

”სბერბანკის” შეფი გერმან გრეფი კი აცხადებს, რომ მისი ბანკი ”ოპელის” აქციებს მომავალში რომელიმე რუს სტრატეგიულ ინვესტორს გადასცემს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ინვესტორი შეიძლება GAZ-ი გახდეს, რომელსაც რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აკონტროლებს. ზოგის ვარაუდით კი, გერმანული კომპანიის აქციები კონგლომერატ ”რუსსკიე ტეხნოლოგიის” ხელში მოხვდება.

შუვალოვი კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ”სბერბანკისთვის” ”ოპელის” გარიგებაში მონაწილეობა არ დაუძალებია...

No comments:

Post a Comment