Monday, June 8, 2009

”სუბარუ” ელექტრომობილ ”სტელას” წარმოებას იწყებს

Subaru Stella

8 ივნისი

”სუბარუმ” გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის მზად აქვს სრულიად ელექტრული პლაგ-ინ ელექტრომობილი ”სტელა”. ავტომობილი, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონურ ელემენტებში აგროვებს, ბაზარზე ამ წლის ივლისში გამოჩნდება. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 170 ცალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

ელექტრომობილის ბაზისად შიდაწვისძრავიანი ”სტელაა” გამოყენებული. მისი სვლის მარაგი 90 კილომეტრი, მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ია. სულ 15 წუთია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80%-ით დაიმუხტოს, ამაში კი მას სპეციალური, სწრაფდამტენი სისტემა ეხმარება. ჩვეულებრივი სისტემით აკუმულატორების სრულ დამუხტვას კი, თუ ისინი ენერგიას 100-ვოლტიანი შტეპსელიდან ივსებენ, 8 საათი სჭირდება. 200-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვის შემთხვევაში კი დასამუხტად აუცილებელი დრო ხუთ საათამდე მცირდება.

”სტელას” ელექტრომოტორის მაქსიმალური სიმძლავრე 60 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 170 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია ენერგიის რეკუპერაციის სისტემით, რომელიც შენელების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს.

რაც შეეხება ფასებს, ამ მხრივ, ”სუბარუ სტელა” ნაკლებად მიმზიდველად მოჩანს - მისი საბაზო ღირებულება 4 725 000 იენია (დაახლოებით $49 000). თუმცა მის მყიდველებს იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა (ნექსტ გენერეიშნ ვიჰაიქლ პრომოუშნ სენტერ პროგრამ - შემდეგი თაობის ავტომობილების პრომოუშენის ცენტრალური პროგრამა) შეეშველება, რომელიც მას სუბსიდიის სახით 1 380 000 იენს ($14 308) სთავაზობს. გარდა ამისა, ელექტრომობილების მყიდველებს სპეციალურ შეღავათებს იაპონიის მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროებიც პირდებიან.

No comments:

Post a Comment