კუპე ”კუგას” ბაზაზე?
Ford Kuga Coupe
19 ივნისი
როგორც ჩანს, ”ბეემვეს” მიერ შექმნილი ”ვირუსი” სახელად X6, გადამდები გამოდგა - ინტერნეტში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ფორდი” თავის პოპულარულ კომპაქტურ ქროსოვერ ”კუგას” ბაზაზე კუპეს ამზადებს. ამგვარად, ამერიკული კომპანია გახდება პიონერი ახალი სეგმენტისა, რომელსაც თავადვე ჩაუყრის საფუძველს.
არაა გამორიცხული, რომ ახალი ავტომობილის სპორტული პროფილის მისაღებად, დიზაინერებმა უარი თქვან უკანა კარებზე, რაც უგზოობის ავტომობილებში მიშვიათად გვხვდება. თუმცა, ეს სასურველი სტილის მისაღებად გაღებული ერთადერთი კომპრომისი როდი იქნება. დიზაინერებს ასევე მოუწევთ საბარგულის მოცულობის შემცირება - რას იზამ, თუ ახალი სეგმენტის პიონერობა გსურს, ხარკიც უნდა გაიღო.
თუ კუპე ”კუგას” მწვანე შუქს აუნთებენ, ის იმავე აგრეგატებს მიიღებს, რომლებიც ქროსოვერისთვისაა განკუთვნილი. ინგლისურ ჟურნალ ”ავტო ექსპრესის” ცნობით, მოთხოვნის შემთხვევაში, კუპე ”კუგაზე” შესაძლებელი იქნება გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვილი, ავტომატიზირებული გადაცემათა კოლოფის დაყენება, რაც ქროსოვერ ”კუგასთვის” უცხო ხილია.
ევროპაში 1.6-ლიტრიანი ტურბო ბენზინის და ამდენივე მოცულობის მქონე ტურბო დიზელის ძრავებით აღჭურვილი კუპე ”კუგა” გაიყიდება. ავტომობილი ასევე 2.0-ლიტრიან ძრავსაც მიიღებს. ყველაზე მძლავრი ძრავის სიმძლავრე კი 197 ცხენის ძალა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ”ფორდი” ქროსოვერ ”კუგას” აშშ-ის ბაზარზე არ ჰყიდის, მაგრამ თუ ამ ავტომობილის ბაზაზე კუპეს წარმოებასაც მიჰყოფს ხელს, მას ოკეანის გაღმა აუცილებლად გაიტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, კუპე ”კუგას” წარმოების დაწყება 2011 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
No comments:
Post a Comment