”რედ ბული” სილვერსტოუნზე მოდერნიზებულ მანქანას გამოიყვანს
Formula 1
19 ივნისი
შესაძლოა, ბევრი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეულია - ბრიტანელი ჯენსონ ბატონის დაწევას ვეღარავინ შეძლებს, მაგრამ ”ბრაუნ GP-ს” მთავარი მეტოქე, ”რედ ბული” ნაადრევად დანებებას არ აირებს და ამის დასტურად, ბრიტანეთის დიდ პრიზზე, რომელსაც უკანასკნელად უმასპინძლებს სილვერსტოუნის ავტოდრომი, თავის პილოტებს - გერმანელ სებასტიან ფეტელსა და ავსტრალიელ მარკ უებერს, საფუძვლიანად მოდიფიცირებული ბოლიდებით გამოიყვანს.
განახლებულ მანქანაზე შეცვლილია წინა ფრთა, ძრავის ძირი და მისი დამცავი გარსი, რომელსაც აეროდინამიკური დანიშნულება აქვს, მოდიფიცირებულია ორმაგი დიფუზორი, რომელიც გუნდმა პირველად მონაკოში გამოიყენა და უკანა საკიდარის გეომეტრია, რომელმაც დიფუზორთან ერთად, ავტომობილის ეფექტურობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.
”გუნდმა რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც ვიზუალურადაც ადვილად შესამჩნევია. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები საგრძნობ წინსვლას გამოიწვევს და გამარჯვებებისთვის ბრძოლის შანსს მოგვცემს. სილვერსტოუნზე გამოჩნდება, თუ რამდენად ეფექტურია ის ცვლილებები, რომლებიც მანქანის კონსტრუქციაში ამ ორ კვირაში შევიტანეთ.
ჩვენი მიზანი გამარჯვებისთვის ბრძოლაა. ძალიან გვინდა, რომ ”ბრაუნ GP-ს” გავასწროთ. მითუმეტეს, სილვერსტოუნის კონფიგურაცია ჩვენი ბოლიდისთვის შესაფერისია. იმედი გვაქვს, რომ ახალი მანქანით, ჩემპიონატში გარდატეხის შეტანას შევძლებთ”, - ამბობს ფეტელი, ვინც ამ სეზონში ერთადერთია, ბატონის გარდა მოგება რომ შეძლო.
No comments:
Post a Comment