”რენო” ფრანკფურტისთვის სამ ელექტროსიახლეს ამზადებს
Renault EV
19 ივნისი
უკვე რამდენიმე წელია, ფრანგულ კომპანია ”რენოს” სპეციალისტები ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობენ. შარშან და წელს, სხვადასხვა გამოფენებზე, კომპანიამ რამდენიმე ელექტრული კონცეპციაც წარმოადგია, მათ შორის, ელექტრომობილი Z.E. (სურათებზე) და ჰიბრიდული ”ონდელიოსი”. და აი, როგორც ჩანს, ფრანგები მიუახლოვდნენ იმ ზღვარს, რომლის იქითაც მათთვის სრულიად ახალი, ელექტრომობილების წარმოების ეპოქა დაიწყება.
ამის მანიშნებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ”რენოს” პავილიონში სამ ელექტრომობილს ვიხილავთ. ესენია სედან ”მეგანისა” და ფურგონ ”კანგუს” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილები და სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის ბაზაზეც, კომპანია 2012 წელს სერიული ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს.
ახალი კონცეპციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა, ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, ფრანგული კომპანიის განვითარების განყოფილების შეფმა ქრისტიან შტეიერმა განაცხადა, რომ დიზაინერები განსაკუთრებულ, თვალწარმტაც ავტომობილს ამზადებენ, რომლის დანახვაზეც, ”ყველა მიხვდება, რომ ეს ”რენოს” ელექტროავტომობილია”. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი კომპანიის B პლატფორმაზე აიგება, რომელზეც ”რენოს” და ”ნისანის” რიგი მოდელებია (ლოგანი, კლიო, მოდუსი, მიკრა და კუბი) ბაზირებული. ამავე შასის ”ნისანი” თავისი ელექტრომობილისთვის გამოიყენებს, რომლის პროტოტიპსაც იაპონური კომპანია წლის ბოლოს ტოკიოს ავტო შოუზე წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელთა უმეტესობა ელექტრომობილებისთვის ფაქტობრივად, ახალ პლატფორმებს ამზადებს, რადგან მათი სპეციფიკა სხვანაირ მიდგომასა და უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა იმისათვის, რომ მძღოლს და მგზავრებს უკეთესი პირობები შეუქმნან. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება და იმისათვის, რომ ფასების გარდაუვალ ზრდას თავი დააღწიონ, ხშირად კომპანიები თავიანთი ელექტრომობილებისთვის უკვე არსებულ პლატფორმებსაც იყენებენ.
ელექტრომობილების გარდა, ფრანკფურტში ”რენო” ასევე იმ ახალ მოწყობილობებსაც გამოფენს, რომლებსაც ელექტრომობილებზე გამოიყენებს. ასეთებია სისტემა ”ქვიკ დროპი”, რომელიც განმუხტული აკუმულატორების სწრაფად (სამ წუთში) შეცვლის საშუალებას იძლევა. ”ელექტრომობილის მფლობელი განმუხტულ აკუმულატორს გაცილებით ნაკლებ დროში შეცვლის, ვიდრე მის დამუხტვას სჭირდება”, - ამბობს შტეიერი. პარალელურად, ფრანგული კომპანია და მისი პარტნიორები აკუმულატორების სწრაფად დამმუხტავ სისტემებსაც ქმნიან.
ამ ეტაპზე, ელექტრომობილებზე მოთხოვნის უპირველესი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს მისი მომსახურებისთვის, კერძოდ კი ენერგიით გაწყობის სადგურების აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ”რენო” ამ ნაკლის გამოსწორებაზეც მუშაობს.
No comments:
Post a Comment