”ოპელ/ვოქსჰოლის” ფოტოები
...............................................................
ახალი ”ასტრა” - უფრო სპორტული და ელეგანტური
Opel Astra
19 ივნისი
”ოპელმა” თავის ახალ ჰეჩბეკ ”ასტრას” ინტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიდანაც ჩანს, რომ გერმანული კომპანია, რომლის მფლობელიც 15 ივლისიდან ალბათ კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლი” გახდება, აგრძელებს გზას პრემიუმ სეგმენტისკენ, რომელზეც პირველი სერიოზული ნაბიჯი შარშან, ბაზარზე უახლეს სედან ”ინსინიას” გამოშვებით გადადგა.
პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ახალი ”ასტრას” სალონი სადად და იმავდროულად, დახვეწილი გემოვნებითაა გაფორმებული. აშკარად იგრძნობა მისი და ”ინსინიას” ნათესაობაც. ორივე ავტომობილს თითქმის იდენტური ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა აქვს. ”ასტრაშიც” ძირითადი მაჩვენებლები ოთხ რგოლშია მოქცეული, დამხმარე საშუალებები კი ცენტრალურ პანელსა და საჭის რგოლზეა გადატანილი. ცენტრალური პანელის მთავარი, ყველაზე მაღლა მდებარე სეგმენტი მრავალფუნქციურ მონიტორს უკავია, რომელზეც ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომი თითქმის მთელი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. პარალელურად, იგივ მონიტორი კრუიზ კონტროლსა და სხვა დამხმარე სისტემებსაც (მათ შორის, მულტიმდიურსაც) ემსახურება.
ახალი ”ასტრას” სალონში არაერთი ახალი ”ჯიბეა”, რომლებშიც მცირე ზომის ნივთების შენახვა შეიძლება. წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ კი მოზრდილი ყუთისთვისაც კი გამოიძებნა ადგილი. წინა ორივე სავარძელი წინ/უკან 28 სანტიმეტრით გადაადგილდება. გარდა ამისა, ორივეს 6.5 სანტიმეტრით აწევა/დაწევაც შეიძლება. ავტომობილის ყველაზე ძვირ ვერსიებზე დააყენებენ წინა სავარძლებს, რომლებსაც უფრო მოზრდილი და მყარი გვერდითა საბჯენები ექნება. გარდა ამისა, ისინი წელის არეში ოთხი მიმართულებითაც რეგულირდება.
ცნობისათვის, ახალი ”ასტრა” ბაზირებულია ”ჯენერალ მოტორსის” ”დელტა II” პლატფორმაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია ასევე უახლეს ”შევროლე კრუზისა” და ელექტრომობიკ ”შევროლე ვოლტისთვის” იყენებს. წინა ”ასტრასთან” შედარებით, ახლის ბორბლებს შორის ბაზა 7 სანტიმეტრითაა გაზრდილი, მისმა სიგრძემ კი 4.4 მეტრამდე (4.24-დან) მოიმატა. წარმოების დაწყების მომენტში, ახალი ”ასტრასთვის” გათვალისწინებული იქნება რვა ძრავის გამოყენება, რომელთაგან ოთხი ბენზინზე მუშაობს, ამდენივე კი - დიზელზე.
ახალი ”ოპელ ასტრას” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტ შოუზე გაიმართება, რის შემდეგაც, მისი გაყიდვები ევროპაში დაიწყება. როდის შემოვა ის ჩვენს ბაზარზე, ამის თქმა ჯერ ძნელია, თუმცა სავარაუდოდ, ეს ალბათ მერმის, წლის დასაწყისში მოხდება.
No comments:
Post a Comment